ახალი ამბები

რამდენი ლარით გაიზრდება თურქული მედიკამენტების ფასი

„თურქული ანალოგები, რომელიც 18,19,20 ლარი ღირს, მათთან მიმართებით ცვლილება იქნება რამდენიმე ლარიანი. ანუ, 18-დან 23 ლარამდე, 19-დან 25 ლარამდე შეიძლება გაიზარდოს ფასები“,- ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 20-30%-მდე გაძვირდება, ქართულ ბაზარზე კვლავ იაფ სეგმენტში დარჩება.

„ყველასთვის ცნობილია, რომ თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდა მცირედი კორექტირება, მათ ბაზარზე, ფასებთან მიმართებით. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ დახვეწილი და მოცულობითი ფასწარმოქნის სისტემა აქვს თურქეთს. მათ ფიქსირებული აქვთ გაცვლით კურსი, შემოღებული აქვთ ადაპტაციის კოეფიციენტი, აგრეთვე, არეგულირებენ მოგების მარჟებს. გამომდინარე იქიდან, რომ მეზობელ ქვეყანაში საკმაოდ მაღალი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის დევალვაციაა, მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ფიქსირებული გაცვლითი კურსი გაიზარდა 25%-ით, ასევე, დაკორექტირდა მოგების მარჟები კომპანიებისთვის.

ამ ეტაპზე, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ეს ცვლილება ფასებთან მიმართებით, დაახლოებით იქნება 20-დან 28-30%-ის ფარგლებში. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, პარალელური რეჟიმით იმპორტირებული მედიკამენტები მაინც დარჩება იაფ საფასო სეგმენტში. იმიტომ, რომ მაგალითისთვის, მედიკამენტები, რომელიც 119-120 ლარი ღირს, ხოლო თურქული ანალოგები, რომელიც 18-19-20 ლარი ღირს, მათთან მიმართებით ცვლილება იქნება რამდენიმე ლარიანი. ანუ, 18-დან 23 ლარამდე, 19-დან 25 ლარამდე შეიძლება გაიზარდოს ფასები“,- განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.