“ქართული ოცნების” წევრმა, ლევან კოჭლოშვილმა, პარტია და თელავის საკრებულოში თანამდებობა დატოვა
“ქართული ოცნების” წევრმა, ლევან კოჭლოშვილმა, პარტია და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ჩვენთვის საყვარელი მეფე ერეკლეს მსგავსად დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი სახელოვანი წინაპარის ოცნება მშვიდობიანი, ერთიანი, ქრისტიანული და ევროპული საქართველო იყო, რომელიც ძლიერ ქართულ ფესვებზე უნდა ყოფილიყო დაშენებული. ჩვენს მეფეებს ჯეროდათ და სწამდათ, რომ ჩვენი მტრებისგან განსხვავებით ევროპა იყო ის ადგილი, სადაც საქართველო დაიმკვიდრებდა ადგილს საკუთარი ისტორიით, კულტურითა და მრავალგანსაცდელ გამოვლილი რწმენით. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც მხარს უჭერს და მფარველობს ნაციონალურ მოძრაობას, ძალას რომელიც წლების განმავლობაში გვკლავდა და გვაწამებდა. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ყოველივე ქართულს. მე მჯერა ევროპის, რომელზეც ოცნებობდნენ ჩემი წინაპრები, მე მჯერა ჩემი ქვეყნის და ისტორიის, მე მჯერა ჩვენი რწმენის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცის განნუყოფელი ნაწილი იყო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნანატრი მშვიდობა, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში დაისადგურა ჩვენ ქვეყანაში, საფრთხის წინაშე არ დადგეს. იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ საჭიროა სიმართლის ლაპარაკი, მოურიდებლად, პირდაპირ. სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ მე შევძლო თავისუფლად საუბარი და მოქმედება, გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა და შევუერთდე იმ ადამიანების რიგებს ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის, დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას ასეთ რთულ მომენტში და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს”- წერს კოჭლშვილი.
კოჭლოშვილი საკრებულოში ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.