ქართველ ბავშვებს კიბერ უსაფრთხოების უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ
პროექტს სახელწოდებით „კიბერ უსაფრთხოების CISCO აკადემია ბავშვებისთვის“, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს, თავად პროექტი კი კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრსა და Scientific Cyber Security Association-ს (SCSA) ეკუთვნის. პროექტმა
2022 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან ფინანსდება.
პროექტის ხელმძღვანელმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა და კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორმა, მაქსიმ იავიჩმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, რომ პროექტის მიზანი სკოლის ასაკის ბავშვებში კიბერ უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლება და მათში პრაქტიკული უსაფრთხოების უნარ-ჩვევების განვითარებაა. მისი თქმით, მსმენელებს ჰიბრიდულ რეჟიმში წვდომა ექნებათ ყველა თანამედროვე მოწყობილობის იმიტატორ/სიმულატორზე, რომელთა მეშვეობით ისინი Cisco-ს მოწყობილობების კონფიგურირებისა და დაპროგრამების საბასიზო უნარებს მიიღებენ, როგორიც არის ქსელებში შეღწევისა და პრევენციის სისტემა, IPS, ასევე, ქსელებში შეღწევის აღმომჩენი სისტემა, IDS და ქსელური ფილტრი, Firewall.
პროექტის კოორდინატორი კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილე, დოქტორი გიორგი იაშვილია, ხოლო საერთაშორისო კონსულტანტი – პროფესორი, აუდრიუს ლოპატა. ძირითად პერსონალს პროფესორი, ავთანდილ გაგნიძე და არჩილ შენგელია წარმოადგენენ, ხოლო პროექტის მენეჯერი დიანა პოპოვაა.
პროექტს კავკასიის უნივერსიტეტი მასპინძლობს. მსმენელთა მიღებისა და სასწავლო პროგრამის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.