მთავრობამ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების წესი დაამტკიცა
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიიღეს.
პროექტი მომზადებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მიზანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების და მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების წესის დადგენა, იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაზიანების დონე არ შეესაბამება კანონით დადგენილი მნიშვნელოვანი ზიანის კრიტერიუმებს.
დადგენილების შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში, მკაცრდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი. კერძოდ, გამკაცრდა ტყის რესურსების, ზოგიერთი სახეობის სასარგებლო წიაღისეულის, ასევე ცხოველთა სამყაროს სახეობების (მაგალითად, ბექობის არწივი, ფასკუნჯი, წითელთავა შავარდენი კავკასიურ შურთხი და სხვა) უკანონო სარგებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესი, ასევე გასწორდა ტერმინები საქართველოს ტყის კოდექსის მიხედვით.