მანავის ციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციამ ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაცია გაუმარტივა
მეღვინეები, ტრადიციული კახური ნუგბარისა თუ სხვადასხვა ტიპის სუვენირების მწარმოებლები, ტურუსტული ობიექტების მეპატრონეები და მცირე მეწარმეები ახლა მანავში სულ სხვა შემართებით მუშაობენ – იციან, რომ მათ პროდუქტსა და სერვისს, ამიერიდან, მეტი მომხმარებელი ეყოლება. მიზეზი მარტივია – კახეთის რეგიონში მდებარე ამ სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობის მონახულება, მანავის ისტორიულ ციხემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ბევრად გამარტივდა.
ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მანავის ციხემდე მისასვლელი თითქმის 2 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რომლითაც 80-მდე ოჯახი ისარგებლებს, ცოტა ხნის წინ მოეწყო. გზის რეაბილიტაციის მთავარი მიზანი სწორედ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა იყო – გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში, მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებზე წვდომა ვიზიტორებს ბევრად უმარტივდებათ.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სწორედ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა იყო აქ მოსული ქართველი თუ უცხოელი ტურისტების უკმაყოფილების მიზეზი. გზის მოწესრიგების შემდეგ კი ფიქრობენ, რომ მანავის ტურისტული პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც მათ ეკონომიკურ გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს.
პროექტის ბენეფიციარებს შორის არის გიორგი ახალკაციშვილი, რომელსაც მანავის მიმდებარედ ვენახი აქვს და ღვინოს აწარმოებს. ამბობს, რომ მისთვის, როგორც მეწარმისთვის, მანავის ციხის კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
„ხდება დეცენტრალიზაცია. მუნიციპალიტეტი, მოსახლეობის საჭიროებებზე დაყრდნობით, ღებულობს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს და ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ისევ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განმარტავს გიორგი.
გზის რეაბილიტაციის შემდეგ, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის ზრდას ელის ციცინო ჯავახიშვილიც, რომლის შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და რეალიზაციაა.
„მაქვს ვენახები, ხეხილის ბაღები. სამი წელია ვარ მცირე მეწარმე. ვამზადებ ქართულ ნუგბარს, ჩურჩხელას, ტყლაპებს, ჩირებს. ჩემი მომხმარებლები, მეტწილად, ტურისტები არიან. მანავში ძალიან ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ტურისტებისთვის საინტერესოა, თუმცა მანავის ციხის გზა მეტად მოუწესრიგებელი, ეს კი მათთვის დისკომფორტს ქმნიდა. ჩვენი მოთხოვნით, ევროკავშირის დაფინანსებით, ეს გზა შეკეთდა, რამაც ტურისტებს გადაადგილება გაუადვილა. ეს ჩემთვისაც მოსახერხებელია, რადგან ჩემი პროდუქციის რეალიზაცია უფრო გამარტივდა“, – აღნიშნავს მეწარმე.
გზის რეაბილიტაციის შემდეგ, სამომავლოდ, მანავის ციხის კომპლექსის მიმდებარედ, ეთნო კუთხეების მოწყობა იგეგმება, სადაც ადგილობრივები ტურისტებთან პირდაპირ კომუნიკაციას და საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას შეძლებენ.