ახალი ამბები

აშშ სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენების რისკებზე მიუთითებს

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურო (BIS) და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელი (FinCEN) ერთობლივ გამაფრთხილებელ დოკუმენტს აქვეყნებენ, სადაც საუბარია რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის რისკებზე.

აღნიშნულ დოკუმენტში სხვა ქვეყნების გვერდით მოხსენიებულია საქართველოც, როგორც სახელმწიფო, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებული იქნეს სანქციების თავიდან ასარიდებლად.

„BIS-მა დაადგინა გარკვეული გავრცელებული სატრანზიტო პუნქტები, სადაც, როგორც ცნობილია, აკრძალული პროდუქცია რუსეთსა და ბელარუსში გასვლამდე ჩადის. ჩამონათვალი არასრულია, თუმცა ეს პუნქტები მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: სომხეთი, ბრაზილია, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, ნიკარაგუა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, ტაჯიკეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და უზბეკეთი.

ზოგიერთ შემთხვევაში, აშშ-ის მიერ კონტროლირებული ნივთები, შეიძლება, კანონიერად იყოს ექსპორტირებული ამ და სხვა იურისდიქციებში, როგორც სხვა მზა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის სახით, თუმცა ამ მზა პროდუქციისა და საქონლის შემდგომი ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში, პოტენციური სატრანზიტო პუნქტების გავლით, შესაძლოა, აკრძალული იყოს [სანქციებით].

ზემოხსენებული სია არასრულია, მაგრამ მას შეუძლია დახმარება გაგვიწიოს ექსპორტთან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციების შემოწმების პროცესში“, – წერია BIS-ისა და FinCEN-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

აშშ-ის სახელმწიფო უწყებების მიერ იდენტიფიცირებულ პოტენციური რისკის მქონე საქონელის ჯგუფებს შორისაა: თვითმფრინავების ნაწილები და აღჭურვილობა, ძრავები, ვაკუუმური ტუმბოები, ანტენები, GPS სისტემები, კამერები, საზომი ხელსაწყოები, ნავთობის მომპოვებელი აღჭურვილობები, სონარის სისტემა და წყალქვეშა კომუნიკაციის დანადგარები.