ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრი – შეზღუდვების და ჩაკეტვების საფუძველი არ არის

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში პანიკისა და შეშფოთების არანაირი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ვირუსის პრევენციისთვის დღის წესრიგში არ დგას შეზღუდვებისა და ჩაკეტვების საჭიროება.

მინისტრი განმარტავს, რომ არსებული მონაცემებით, პირბადეების საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება.

„ეპიდვითარებას რაც შეეხება, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს. ინფიცირების შემთხვევები არის, თუმცა სრულად მართვადია, მინიმალურ ზღვარზეა. რამდენიმე ქვეყანაში შედარებით მეტია, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მკვეთრი ზრდა არ არის. თუ ციფრებში შეიძლება შევადაროთ, მაგალითად ერთი კვირის წინ საშუალოდ დღიური შემთხვევა თუ გვქონდა 100, დღეს გვაქვს 500, 3 მლნ 700 000-იან ქვეყანაში. რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. მათთვის, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალში მკურნალობა მზად ვართ, რომ ჰოსპიტალში ვუმკურნალოთ. ვისაც სჭირდება კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც არის კოვიდის სამკურნალო, რამდენიმე თვის წინ „ფაიზერის“ წარმოების ეს მედიკამენტი – „პაქლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. სულ რამდენიმე ქვეყანას შორის ვიყავით, რომელმაც პირველად მიიღო ეს მედიკამენტი. კლინიკური ნიშნებიდან, სიმძიმიდან და რისკებიდან გამომდინარე შეგვიძლია ეს მედიკამენტი შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს, რასაკვირველია შეუძლიათ აცრის გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ინფექციონისტები ადასტურებენ, რომ საშიში და საპანიკო არაფერია.

„შეზღუდვების და ჩაკეტვების საფუძველი არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება“, –აღნიშნა აზარაშვილმა.