საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება გაძვირდა
„საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება 10-15%-ით გაძვირდა“, – ამის შესახებ BM.GE-სთან ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა გელა კვაშილავამ განაცხადა.
კვაშილავა სატრანსპორტო მომსახურების გაძვირების მთავარ მიზეზად, საწვავზე ფასის ზრდას მიიჩნევს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, კერძო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე ტაქსის მძღოლებისთვის მომსახურების საფასურის გაძვირება გარდაუვალი გახადა.
„ინფლაციის დონემ და ფასების მატებამ, ბუნებრივია, სატრანსპორტო სფეროს მომსახურებაც გააძვირა. საწვავზე ფასები, საშუალოდ, 30-35%-ით გაიზარდა. გაძვირდა როგორც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისე ტაქსის მომსახურება, დაახლოებით 10-15%-ით“ – აცხადებს კვაშილავა.
სატრანსპორტო სფეროში მომუშავე ექსპერტს დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება უჭირს და ამბობს, რომ თუ საწვავის ფასი არ დარეგულირდება, უახლოეს მომავალში მოსახლეობისთვის სატრანსპორტო მომსახურება კიდევ უფრო გაძვირდება.
2022 წლის ივნისის თვის ინფლაციის ანგარიშის თანახმად, სურსათის შემდეგ, ფასების ყველაზე მკვეთრი, 19,4%-იანი ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში ფიქსირდება, რაც საწვავის გაძვირებას უკავშირდება.