კახეთში „მინდვრის დღე 2022“ გაიმართა
ფერმერებისა და დარგის სპეციალისტებისთვის, ხორბლის, ტრიტიკალეს, ქერის და ჭვავის ახალი და პერსპექტიული ჯიშების გაცნობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დედოფლისწყაროს, თელავის და ახმეტის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებზე „მინდვრის დღე 2022“ გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფერმერები, თავთავიანი კულტურების ტრადიციულ ჯიშებთან ერთად, ახალ ჰიბრიდებს გაეცნენ, რომელსაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების კვლევის სამსახური ცდის.
„მინდვრის დღე 2022-ს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები და ფერმერები დაესწრნენ.
„ქართული მარცვლეულის ჯიშური მრავალფეროვნების გაზრდა მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის, ამასთან, ხალხური ჯიშების აღდგენა და გავრცელება პასუხობს კლიმატის ცვლილებების გამოწვევებს. ახალი სამრეწველო ჯიშების რეგისტრაცია და მათი გასავრცელებლად დაშვება ფერმერებისთვის იაფიან და ხარისხიან სათესლე მასალაზე ხელმისაწვდომობის კარგი საშუალებაა“, – აღნიშნა იური ნოზაძემ.
ხორბლისა და სიმინდის გამოცდის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული ფორმებიდან, სპეციალისტები სამეურნეო ნიშან-თვისებების, სტაბილურობის, მოსავლიანობის და დაავადებების მიმართ გამძლეობის მიხედვით გამოარჩევენ ახალ ფორმებს, რომლის გამოცდა სხავადასხვა რეგიონში, განსხვავებული კლიმატურ პირობებსა და ზონებში ხორციელდება.
შემდგომ ეტაპზე, კონკრეტული რეგიონისთვის საუკეთესო ფორმა შეირჩევა და რეგისტრირდება. შერჩეული ფორმა გადის ჯიშთა გამოცდას და ფერმერულ მეურნეობებში ვრცელდება.