ახალი ამბები

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1 705 ფაქტი გამოავლინეს.

მათ შორის, 1 369 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 336 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან, 135 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 417 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით კი შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.