საგარეჯოში მოყვანილი ნუში ექსპორტზე ევროპის ბაზარზე გავა
“აჭარა ჯგუფში” შემავალი ფერმერულ მეურნეობაზე ორიენტირებული “უდაბნო”, საგარეოს მუნიციპალიტეტში ორგანულად მოყვანილ ნუშს ევროპის ბაზრებზე გაიტანს.
როგორც “უდაბნოს” დირექტორმა გოდერძი მეტრეველმა აღნიშნა, წელს რამდენიმეწლიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, პირველადი მოსავლის აღება იგეგმება. შედეგად 2021 წელთან შედარებით, წელს კომპანიაში 6-ჯერ მეტ მოსავალს ელოდებიან.
“2021 წელს ნუშის გულის მოსავალი 3 ტონამდე იყო, ხოლო წელს 1 200-დან 1 300 ტონამდე გულს მივიღებთ. უდაბნოდან ექსპორტირებული 1 კგ ნუშის საფასო სეგმენტი 4-დან 6 ევრომდე იქნება, გააჩნია ნაყოფის ზომას და ხარისხს. გასული წელი ჩვენთვის სატესტო იყო, ლაბორატორიული კვლევები გავაკეთეთ და დამაკმაყოფილებელზე უკეთესი შედეგები გვაქვს. თუ ნუშის ტექნიკურ რეგლამენტს ყველა მწარმოებელი პირნათლად შეასრულებს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია კონკურენტუნარიანები ვიყოთ. გვაქვს იმის შესაძლებლობაც, რომ ქართული ნუში ევროპის ბაზარზე გაჩნდეს და სხვა ქვეყნებთან კონკურენტუნარიანები ვიყოთ.” – აღნიშნა გოდერძი მეტრეველმა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 5 თვეში ქვეყნიდან 119.43 ტონა ნუში გავიდა. საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობა 79.49 ტონა სომხეთზე, 19.96 ტონა ყაზახეთზე და ამდენივე 19.96 ტონა ყირგიზეთზე მოდის. საქართველოში გაშენებული ნუშის ჯიშების 90% ევროპულია, ასევე საქართველოში არის ამერიკული ჯიშის ნუშიც. კომპანიები ნუშის მოსავალს შემოდგომაზე აიღებენ.