კახეთში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები ხორციელდება
სურსათის ეროვნული სააგენტო, აღმოსავლეთ საქართველოში, კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ,,მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, უკვე დამუშავებულია 25 ათას ჰექტრამდე ფართობი.
„წამლობა, რომელიც მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მავნებლის გავრცელების არეალისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით იგეგმება, მთელი სეზონის განმავლობაში, საჭიროების გათვალისწინებით გაგრძელდება.
კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს. შედეგად, მცირდება მავნებლის რაოდენობა და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მწვანე საფარის დაზიანების ფაქტები.
აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, გავრცელებულია საშიში მავნებელი იტალიური კალია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარსა და ნარგავებს“, – აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.