სოფელ განჯალაში მამაკაცზე ძალადობისათვის დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახს, საჩივარზე უარის თქმას სთხოვენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ განჯალაში ასაკოვან მამაკაცზე ძალადობისათვის დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახს, საჩივარზე უარის თქმას სთხოვენ.
საქმე ეხება პოლიციაში შეტანილ განცხადებას, რომლითაც არასრულწლოვანის მამამ ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს მიმართა და მისი შვილის ცემისათვის, 7 თანაოფლელის დასჯა მოითხოვა. საჩივრის თანახმად, ორი პირის მიერ, 68 წლის მამაკაცზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ, ადგილობრივებმა არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დღეს, სოფელ განჯალაში, 30-მდე ადგილობრივი ახალგაზრდა, არასრულწლოვანის ოჯახში მივიდა და ოჯახს საჩივარზე უარის თქმა მოსთხოვა. მათი განმარტებით, არასრულწლოვანმა დასჯა დაიმსახურა და თუ ოჯახი, პოლიციიდან განცხადებას არ გაიტანს, მათი საცხოვრებელი სახლი განადგურდება.
შეგახსენებთ, ასაკოვან მამაკაცზე, ორი პირის მიერ განხორცილებული ცემის, ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის ხუთი მუხლით არის დაწყებული.
სამართალდამცავებმა ორი მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან ერთი, არასრულწლოვანია. ორივე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.