დღეიდან „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის საფასური გაიზარდა
დღეიდან „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური 23 თეთრით გაიზარდა.
კომპანიის არასაყოფაცხოვრებო საცალო მომხმარებელი, 1მ3 ბუნებრივი გაზში, დღგ- ს ჩათვლით, 1.15 ლარის ნაცვლად, 1,38 ლარს გადაიხდის. კომპანიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება ფასების მკვეთრი ცვლილების გამო მიიღეს.
“ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ცვლილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირებაზე”- ამბობენ კომპანიაში.
ჯერჯერობით, უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ, 2023 წლამდეა დადგენილი და 59 თეთრს შეადგენს.
ბუნებრივი გაზის ტარიფმა თელავში, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის, უკვე რამდენჯერმე მოიმატა. ტარიფის ბოლო ცვლილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის,6 თვის წინ, 2021 წლის 1 დეკემბრიდან დაფიქსირდა და ფასი 6 თეთრით გაიზარდა.