ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

დაპირისპირება თელავში – “შინ ევროპისკენ” მოძრაობის წევრებს მოსახლეობასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს

ხმაური იყო თელავის ისტორიულ მუზეუმთან.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც მოძრაობა “შინ ევროპისკენ” მოძრაობის წევრები თელავში მოსახელეობასთან შეხვედრისთვის თელავის ისტორიულ მუზეუმთან მივიდნენ.
რიგითმა თელაველებმა, მათ შორის საკრებულოს წევრებმა და ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭიშკართან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მოძრაობის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ მისცეს.

,,მოძრაობის წევრებს შეხვედრაზე ევროპულ ღირებულებებზე კი არა, ახალგაზრდებისთვის ხელისუფლების შეცვლის გეგმებზე უნდა ესაუბრათ”,- აცხადებენ ისინი.

მოგვიანებით სახალხო მოძრაობის წევრებმა მუზემიდან რამდენიმე ასეულ მეტრში გადაინაცვლეს. მათ დღის განვალობაში თელავში რამდენიმე შეხვედრა აქვთ დაგეგმილი.

,,გვინდოდა, გვესაუბრა იმაზე, რომ ევროპა კარგია, რომ ყველაფერი იმისთვის უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპისკენ წავიდეთ, არ მოვხვდეთ იმ ჭაობში, რომელშიც დიდი ხანი ვიყავით. ჯერ-ჯერობით ამის საშულება არ მოგვეცა, მაგრამ მე მგონი, მაინც მოვახერხებთ, რომ ახალგაზრდებს შევხვდეთ და ჩვენი აზრები გავუზიაროთ- ამბობს ,,შინ ევროპისკენ” წევრი, ტელეწამყვანი დავით ლაბაძე.