ახალი ამბები

პირამიდა Teslamedia, რომელიც ჩამოიშალა, ყველაზე პოპულარული საქართველოში იყო

Teslavideomedia.com-ი, რომელიც მომხმარებლებს გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ, თანხის გამომუშავებას სთავაზობდა, თანხებს აღარ გასცემს, რის შედეგადაც ათასობით მოთამაშემ ჩადებული ინვესტიცია ფაქტობრივად დაკარგა.

Teslavideomedia.com-ის საშუალებით მომხმარებლებს თანხის გადახდის შემდეგ ვიდეოები უნდა ენახათ, რაშიც მათ სისტემა ანაზღაურებას აძლევდა.

Google Trends-ის მონაცემებით, ეს ვებგვერდი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საქართველოში იყო. Google Trends-ის თანახმად, საქართველოში ამ ვებგვერდის პოპულარობა 100 ქულით იყო შეფასებული, მაშინ როდესაც მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ სომხეთსა და აზერბაიჯანში მისი პოპულარობა 2 ქულით ფასდებოდა, მეოთხე პოზიციაზე მყოფ ყირგიზეთში კი 1 ქულით. შესაბამისად, ამ სისტემის მომხმარებელეთა უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოდან იყო რეგისტრირებული.

ვებგვერდების სარეგისტრაციო სისტემის მიხედვით, Teslavideomedia.com-ი 2022 წლის 3 მარტს დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ Teslavideomedia.com არავითარ კავშირში არ არის ილონ მასკის დაფუძნებულ, ავტომწარმოებელ “ტესლასთან” მიუხედად იმისა, რომ ლოგო და წარწერა სწორედ საერთაშორისო ბრენდს მოგაგონებთ.