რამდენად საშიშია “ომიკრონის” ახალი ქვეტიპი BA.5
„ომიკრონის“ შტამის ქვეტიპი BA.5, შესაძლოა, მალე კოროვირუსული ინფექციის შემთხვევების ახალი ტალღის მიზეზი გახდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ „ომიკრონის“ ქვეტიპი BA.5 შეიძლება, სულ ცოტა, შეშფოთების მიზეზად იქცეს. გერმანიის რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის თანახმად, BA.5 და „ომიკრონის“ სხვა ქვეტიპები სწრაფად გავრცელებას გააგრძელებენ, რადგან ისინი უფრო ადვილად გადაეცემა, ვიდრე – „დელტა“ ვარიანტი. აღნიშნული დაწესებულება აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა უკვე მიმდინარე ზაფხულს დაიწყება.
BA.5 უკვე გავრცელდა რამდენიმე ქვეყანაში – მაგალითად, პორტუგალიაში, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან მოკლე დროში მკვეთრად გაიზარდა. ამის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა. ექსპერტების აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ მილიონობით ადამიანი უკვე აცრილია და ისინი გარკვეული რაოდენობის ანტისხეულებს ინარჩუნებენ, თუნდაც დაცვის ხარისხი სტაბილურად მაღალი არ იყოს. სპეციალისტების შეფასებით, ზოგადი იმუნიტეტი ახლა უფრო მაღალია, ვიდრე – პანდემიის დასაწყისში. რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს რისკ- ჯგუფებს, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებს, კიდევ ერთი ბუსტერ დოზა გაიკეთონ, რათა ანტისხეულების დონე განაახლონ.
აღსანიშნავია, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები, მათ შორის – BA.5, ნაკლებად საშიშია. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეტიპს ზედა სასუნთქ გზებზე ძალიან სწრაფი და ძლიერი ზემოქმედების უნარი აქვს, სამაგიეროდ, ფილტვის უჯრედები უფრო იშვიათად ზიანდება და შესაბამისად, ნაკლები ადამიანი იღუპება. ახალი კორონავირუსის პირვანდელი ვერსიები ფილტვებს გაცილებით ძლიერად აზიანებდა, რაც მეტ ლეტალურ შედეგს იწვევდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონის” სხვადასხვა ქვეტიპით ინფიცირების შემთხვევაში, „დელტასთან“ შედარებით, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, იშვიათად შეიძლება მძიმე სიმპტომებიც გამოვლინდეს. რაც მთავარია, ჯერჯერობით უცნობია, „ომიკრონით“ ან მისი ქვეტიპებით ინფიცირებამ რა სახის გრძელვადიან შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს