საქართველოსთვის რუსეთის ფედერაცია საწვავის იმპორტის პირველი ბაზარი გახდა
რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის საწვავის იმპორტის #1 ბაზარი გახდა.
2021 წელს ამ პოზიციას თურქმენეთი იკავებდა, თუმცა წელს საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ქართველი ნავთობიმპორტიორები უფრო იაფიან ბაზრებზე გადაეწყვნენ და რუსეთიდან იმპორტი გაზარდეს.
2022 წლის პირველ 5 თვეში საქართველომ $461 მილიონის ღირებულების 494,538 ათასი ტონა საწვავი შეიძინა. თანხობრივად იმპორტის ღირებულება 80%-ით, იმპორტირებული ნავთობის მოცულობა კი 7%-ით არის მომატებული. უშუალოდ რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 45%-ით გაიზარდა.
ქვეყნების მიხედვით, ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობა ასე ნაწილდება (2022 იანვარ-მაისი):
1. რუსეთი – 138,663 ათასი ტონა, იმპორტის 28%;
2. რუმინეთი – 103,889 ათასი ტონა, იმპორტის 21%;
3. თურქმენეთი – 85,389 ათასი ტონა, იმპორტის 16.5%;
4. ბულგარეთი – 76,409 ათასი ტონა, იმპორტის 15.5%;
5. აზერბაიჯანი – 56,507 ათასი ტონა, იმპორტის 9.7%.
მაისში საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო, რომ რუსული საწვავი ევროპულზე იაფი იყო. სავარაუდოდ, სწორედ დაბალი ფასის გამო, ბიზნესმა რუსეთიდან იმპორტი გაზარდა.