რა არის ევროსაბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი
ევროსაბჭო ანუ ევროპის საბჭო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შედგება ევროპის 46 სახელმწიფოსგან.
მისი მიზნებია: ადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვა; ევროპის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება, ევროპული კულტურის განვითარება;
ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიება.
ევროსაბჭო შეიქმნა 1949 წლის 5 მაისს, ლონდონში, დასავლეთ ევროპის ათი სახელმწიფოს მიერ (ბელგია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი და შვედეთი). მისი შტაბ-ბინა მდებარეობს სტრასბურგში.
ევროკომისია ანუ ევროპის კომისია- ეს არის ვროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. ერთი კომისია სამი თანამეგობრობისთვის, დაარსდა მას შემდეგ, რაც 1967 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ადმინისტრაციათა გამაერთიანებელი ხელშეკრულება.
ევროკომისია ფუნქციონირებს მინისტრთა კაბინეტის მსგავსად, რომელიც შედგება 28 წევრისგან. კომისიის წევრებს საერთო თანხმობის საფუძველზე ნიშნავენ წევრი სახელმწიფოები 5 წლის ვადით. ევროკომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ევროპის პარლამენტი. ამსტერდამის ხელშეკრულების თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტი ინიშნება წევრი სახელმწიფოების მთავრობათა საერთო თანხმობის საფუძველზე და ესეც ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებას საჭიროებს. ამასთან, პრეზიდენტთან ერთად ინიშნებიან და მტკიცდებიან კომისიის სხვა წევრებიც. ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტია ურსულა ფონ დერ ლაიენი. საკუთარ მოვალეობათა შესრულებისას ევროკომისია დიდი დამოუკიდებლობით სარგებლობს. იგი გამოხატავს თანამეგობრობის ინტერესებს და არ იღებს ინსტრუქციებს ცალკეული წევრი სახელმწიფოებისაგან.
ევროკომისია მეთვალყურეობას უწევს ხელშეკრულებათა შესრულებას და უზრუნველყოფს საბჭოს მიერ მიღებული ინსტრუქციებისა და დირექტივების სათანადო ხორცშესხმას. თანამეგობრობის კანონის გატარების უზრუნველსაყოფად, მას შეუძლია რაიმე კონკრეტული შემთხვევის გადაცემა მართლმსაჯულების სასამართლოსთვის. ევროკომისიას აქვს ინიციატივის გამოჩენის განსაკუთრებული უფლება, მას შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე ჩაერიოს საკანონმდებლო პროცესში, რათა ხელი შეუწყოს შეთანხმების მიღწევას საბჭოში ან საბჭოსა და პარლამენტს შორის. ევროკომისიას საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვის საქმეში აღმასრულებელი ფუნქციაც აკისრია.
ევროკომისიას ზურგს უმაგრებს სამოქალაქო სამსახური, რომელიც ბრიუსელსა და ლუქსემბურგში მდებარეობს. ეს სამსახური შედგება 24 დეპარტამენტისაგან, რომლებსაც გენერალური დირექტორატები ეწოდება. ყოველი დირექტორატი პასუხისმგებელია ერთიანი პოლიტიკისა და ადმინისტრირების განხორციელებაზე, გარკვეულ სფეროში.
ევროპარლამენტი ანუ ევროპის პარლამენტი- არის ევროპის კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. იგი წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრებიც პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით არიან არჩეულნი 5 წლის ვადით. ევროპარლამენტის შექმნას საფუძველი ჩაეყარა 1952 წლის 10 აგვისტოს, როდესაც სტრასბურგში შედგა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების გაერთიანების პირველი საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. დღეისათვის ევროპარლამენტის უფლებამოსილებისა და კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება: კანონმდებლობა, ბიუჯეტი და აღმასრულებელ ორგანოებზე კონტროლი. ჩვეულებრივი პარლამენტებისაგან განსხვავებით ევროპარლამენტის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იგი არ ახდენს მთავრობის ფორმირებას, რამდენადაც მთავრობა, ჩვეულებრივი გაგებით, ევროკავშირში არ არსებობს.
1992 წლის დეკემბერში, ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პლენარული სხდომების სტრასბურგში გამართვის შესახებ. ევროპარლამენტი ევროკავშირის ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც ღია სხდომებს ატარებს. მისი დისკუსიები, დასკვნები და რეზოლუციები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ქვეყნდება. დეპუტატები სხდომათა დარბაზში განლაგებული არიან არა ეროვნული დელეგაციების მიხედვით, არამედ მათი პოლიტიკური დაჯგუფებების შესაბამისად. ისინი დასაქმებულნი არიან ოც მუდმივმოქმედ კომისიაში, რომელთაგან თითოეული ორიენტირებულია განსაზღვრულ სფეროებზე.
ევროპარლამენტის სხდომები სტრასბურგში მიმდინარეობს, საჭიროების შემთხვევაში ბრიუსელში ინიშნება დამატებითი პლენარული და კომისიების სხდომები. სხდომები მიმდინარეობს სინქრონული თარგმანის დახმარებით. სხდომები და ყველა ოფიციალური დოკუმენტი ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე ითარგმნება. ევროპარლამენტს ჰყავს გენერალური სამდივნო, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს. ევროპარლამენტის სხდომებს უძღვება ევროპარლამენტის პრეზიდენტი. 2014 წლიდან ევრო პარლამენტის შემადგენლობაში შედის 740 ევროპარლამენტარი და მისი პრეზიდენტი.