პრეზიდენტმა მოსმენების კანონს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ვეტო გამოვიყენე. ვეტოს არ ვიყენებდი, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი ის დაძლეული ქნება ინსტიტუტისთვის ვეტოს გამოყენება არ ვარგა. დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას. შესაბამისად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას და ეს უნდა იყოს ნიშანი იმის, რომ არ ვეთანხმდები. ვიცი, რომ დაძლეული იქნება და ვითარებას შინაარსობრივად არ შეცვლის. ყველა კანონი, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული და არასწორი მიმართულების იქნება ვეტოს დავადებ. ეს უფრო პოლიტიკური ვეტოა, ვიდრე სამართლებირივი. ამ დღეებში არ შეიძლება საქართველოში ისეთი კანონი იყოს მიღებული, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს”,-აცხადებს ზურაბიშვილი.
7 ივნისს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე კრიტიკულად შეაფასეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში მოქალაქეებს უვადოდ უსმინონ და მათ ამის შესახებ არ შეატყობინონ. მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც არ არსებობს კანონით გათვალისწინებული კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი, შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას.
ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს. ორგანიზაციები გამოყოფენ რამდენიმე გარემოებას:
“ფარული მოსმენები 77 [ტიპის] დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში პირმა შესაძლოა 30 წელიც ვერ შეიტყოს, რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება”;
“საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება და დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაულიც ემატება”.
განცხადების ავტორები ამბობენ, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ისედაც ჰქონდა არაერთი ხარვეზი, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, თუმცა გადაწყვეტილება ოთხი წელია არ გამოცხადებულა.
“ამ ფონზე კანონმდებლობაში ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტების კიდევ უფრო გაუარესება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კუთხით”, – ამბობენ უფლებადამცველები.