ევროკომისია საქართველოს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ქვეყანამ დეოლიგარქიზაციის ვალდებულება განახორციელოს
ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭოს, რაც ქვეყანა რიგ პრიორიტეტებს მოაგვარებს.
ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველომ ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაციის ვალდებულება უნდა შეასრულოს.
„გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც გააერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების ზედმიწევნით განხილვის მიზნით; მოხდეს ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და განხორციელდეს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
განხორციელდეს დეოლიგარქიზაციის ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჭარბი ზეგავლენისა და პრივილეგირებული ინტერესების აღმოფხვრის გზით,“- აღნიშნულია დასკვნაში.
ამას გარდა, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა გააძლიეროს.
„გაძლიერდეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საფრთხის დეტალური შეფასებების საფუძველზე, განსაკუთრებით სრულყოფილი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, სანდრო მსჯავრდებებისა და განაჩენების უზრუნველყოფით; არსებობდეს გარანტია სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებასა და ზედამხედველობაზე,“-ნათქვამია დასკვნაში.
ევროკომისია საქართველოს აგრეთვე მოუწოდებს, პლურალისტური და თავისუფალი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად ძალისხმევები გააძლიეროს.
„განხორციელდეს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს, და დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებზე.
გადაიდგას სწრაფი ნაბიჯები მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის, დამნაშავეებისა და წამქეზებელთა სასამართლოს წინაშე უფრო ეფექტურად წარდგენის გზით; მოხდეს ძალისხმევის კონსოლიდირება გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში; უზრუნველყოფილი იყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;
მიღებულ იქნას კანონმდებლობა, რათა საქართველოს სასამართლოებმა განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები; ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოფილი იყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა,“– ნათქვამია ევროკომისიის დასკვნაში.