ახალი ამბები

პორტუგალიური მედია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს აქვეყნებს

პორტუგალიის სამოგზაურო გამოცემები Opcaoturismo და viagens.sapo საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას ვრცელ სტატიებს უძღვნიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურეს.

პორტუგალიელმა ჟურნალისტებმა სტატიებითა და Instagram პოსტებით მკითხველებსა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, დაცული ტერიტორები და ქართული სამზარეულო გააცნეს.

„საქართველოში ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში. ვფიქრობ პორტუგალიელი ტურისტებისთვის ეს სლოგანი ყველაზე შესაფერისი იქნება. საქართველო გამორჩეულია ხალხით, ლანდშაპტით, ბუნებით. ძალიან ბევრი მსგავსებაა პორტუგალიასთან, ტრადიციებით და ღირებულებებით“, – წერს Opcaoturismo-ს ჟურნალისტი, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პრეს-ტური პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით გაიმართა. პრეს-ტურის მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია პორტუგალიაში და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.