მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის რაოდენობა გაიზრდება
მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებლის რაოდენობა გაიზრდება. ცვლილება “ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” კანონში შედის, რომლის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი, ლევან მგალობლიშვილი, გოჩა ენუქიძე.
დღეის მდგომარეობით, მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფეიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარს.
კანონპროექტით კი, მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა 4 ლარიდან 10 ლარამდე გაიზრდება, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარიდან 11 ლარამდე.
მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ შეეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობებს, რა დროსაც მოსაკრებლის ოდენობა ისევ დარჩება არაუმეტეს 4 ლარი. კანონპროექტით, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, რადგან, ინიციატორების თქმით, გადამხდელისთვის ეს ზრდა არ იყოს დაუგეგმავი ფინანსური ხარჯის ზრდა.
მოსაკრებელი 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ლარამდე გაიზრდება, 2024 წლის 1 იანვრიდან 8 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 10 ლარამდე. რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან 7 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 9 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ლარამდე.
“პროექტის მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოებს (მუნიციპალიტეტებს) მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა ექნება ბიუჯეტში (გამომდინარე იქიდან, რომ კანონით დადგენილი მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება და შესაბამის მუნიციპალიტეტსაც, თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეძლება მის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც გაზარდოს ამ მოსაკრებლის ოდენობა კანონით დადგენილმაქსიმალური ოდენობის ზღვრის ფარგლებში). დამატებითი რესურსის მობილიზება კი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ნებართვის გაცემის ადმინისტრირების პროცესს.
კანონპროექტის მიღება, გავლენას იქონიებს თავად სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელზეც, გამომდინარე იქიდან, რომ ეტაპობრივად, წლების მიხედვით მოხდება სანებართვო მოსაკრებლის ოდენობის ზრდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მოსაკრებლის გადამხდელის მიერ გადახდილი გაზრდილი ოდენობა, რომელიც სრულად მიიმართება ადგილობრივ ბიუჯეტში, ერთმნიშველოვნად შეუწყობს ხელს პროცესის ადმინისტრირების კიდევ უფრო გაუმჯობესებას”, – წერია განმარტებით ბარათში.