თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულება, შესაძლოა, გადავადდეს
თამბაქოს სტანდარტიზირებული შეფუთვის ვალდებულება, შესაძლოა, 2 წლით გადავადდეს.
ცვლილებას “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები პარლამენტის წევრები დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული და ისკო დასენი არიან.
მოქმედი კანონმდებლობით, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია/განლაგება სტანდარტიზირებული შეფუთვის გარეშე 2022 წლის 31 დეკემბრიდან უნდა აიკრძალოს. წარმოდგენილი კანონპროექტით კი, ეს ვადა 2024 წლის 31 დეკემბრით განისაზღვრება.
როგორც ინიციატორები განმარტავენ, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე, საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქცია ძირითადად უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა. მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში პროდუქციის წარმოება შეუძლებელი გახდა ომის პირველივე დღეებიდან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოების სხვადასხვა ქვეყნებში გადატანა, იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ბაზარზე ასებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისი რაოდენობისა და სახეობების თამბაქოს პროდუქტის იმპორტი.
“ნორმალურ პირობებში, მსგავსს ახალ შეზღუდვასთან შესაბამისობის მიზნით, წარმოების გადაწყობა სექტორისთვის საკმაოდ გრძელვადიან მოსამზადებელ და გადაიარაღების პროცესს გულისხმობს, რომლის დასაწყებად აუცილებელი იყო ტექნიკური რეგლამენტის არსებობა. უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კი, ეს პროცესი უფრო ხანგრძლივი და კომპლექსური გახდა, რადგან ნაცვლად ერთ ქარხანაში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების დანერგვისა, კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში შესაბამისი პროცესების გადაწყობა, რომელიც 2023 წლის 1 იანვრამდე შეუძლებელი იქნება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ქარხნებში ამ მომენტისთვის წარმოება მიმდინარეობს ე.წ საგანგებო რეჟიმში, რადგან წარმოების მსგავსი დანაწევრება არ წარმოადგენს კომპანიების ნორმალურ პრაქტიკას და იმისათვის, რომ მოხდეს სტანდარტიზებულ შეფუთვაზე გადასვლა, პირველ რიგში უნდა მოხდეს წარმოების ნორმალიზება, რასაც საჭიროებს 12-24 თვემდე ვადას”,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.