ორი მარშრუტი თელავში, სადაც მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება მოხდება
მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდა.
მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდის ჩაბარება 2 ეტაპად მოუწევთ, რაც პრაქტიკული მართვის გამოცდის როგორც საგამოცდო, ასევე რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მსურველები აღნიშნული პრაქტიკული ნაწილის ჩაბარებას შემდეგ ქალაქებში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი.
არსებული ინფორმაციით, თელავში 4 მარშრუტი იქნება შედგენილი, სადაც მოქალაქეებს გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება მოუწევთ, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ ორი მარშრუტია ცნობილი.
ერთი მარშრუტი დაიწყება მომსახურების სააგენტოს ოფისიდან და გაგრძელდება ალაზნის ქუჩაზე, შემდეგ კურდღელაურის ქუჩა და თბილისის გზატკეცილი, ასევე მოიცავს რუსთაველის ქუჩას, აღმაშენებლის ქუჩას, ჭავჭავაძის გამზირს, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზატკეცილს, კავკასიონის ქუჩას და სრულდება მომსახურების სააგენტოსთან.
მეორე მარშრუტიც ასევე დაიწყება მომსახურების სააგენტოს ოფისიდან გაივლის ალაზნის ქუჩას, გაგრძელდება კავკასიონის ქუჩით და მოიცავს აღმაშენებლის და ერეკლე მეორის ქუჩას, რუსთაველის ქუჩას, თბილისის გზატკეცილს და დასრულდება ისევ მომსახურების სააგენტოს ოფისთან.
გთავაზობთ ორივე მარშრუტის ფოტოს:
პირველი მარშრუტი:
მეორე მარშრუტი:
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იზრდება გამოცდაზე გასვლის საფასურიც და თუკი აქამდე თეორიული ნაწილის ჩასაბარებლად საფასური 40 ლარი იყო, მომავალ მძღოლებს დამატებით, კიდევ 90 ლარის გადახდა მოუწევთ ანუ გამოდის, რომ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველი ნაწილი 40 ლარი რჩება და ამას დაემატება 90 ლარი უკვე მეორე ეტაპზე.
“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი მართვის მოწმობის ასაღებად თანხის მატებასა და ასევე გამოცდის რეალურ სივრცეში გადატანას, ანუ მეორე ეტაპის დამატებას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ეს იქნება ბიძგი ადამიანებისთვის, რომ უკეთ მოემზადონ და მათ აღარ უნდა სჭირდებოდეთ გამოცდაზე რამდენჯერმე გასვლა, ასევე რეგულაცია ქვეყანაში საგზაო მოძრაობას გააუმჯობესებს.
“აღნიშნული გადაწყვეტილება მეტად შეამცირებს საქართველოში საგზაო შემთხვევებს, რადგან ადამიანები უკეთესად მოემზადებიან და პრობლემაც არა ღირებულების მატება, არამედ უშუალოდ გამოცდისთვის მომზადებაა, რადგან კვალიფიციური კადრები არც თეორიული მასალის ათვისების კუთხით გვყავს და არც პრაქტიკულ ნაწილში. ხოლო ის ავტოსკოლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ბაზაში, არ აკმაყოფილებენ სასურველ სტანდარტსა და ხარისხს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყანაში ავტოსკოლების ლიცენზირება და კვალიფიციური კადრების პოვნა და მათი გადამზადება.