ახალი ამბები

მომავალი კვირიდან ერთი ტომარა ფქვილი შესაძლოა, 82-83 ლარი გახდეს

„მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში ფქვილზე ფასი 6 ლარით არის გაზრდილი“ – ამის შესახებ რადიო ,,პალტრას“ გადაცემაში წისქვილკომბინატ ,,ბარაქას“ დირექტორმა, ლადო ბიძინაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, გაძვირების მიზეზი თვითღირებულების ზრდასთან ერთად, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ლოჯისტიკის გაძვირებაცაა.

„მსხვილი წისქვილკომბინატები გაჩერებულია თითქმის სამი თვეა. ბაზარზე დარჩენილმა 2 წისქვილკომბინატმა, მათ შორის ჩვენც, მუშაობა 2 კვირაა შევაჩერეთ. გამომდინარე იქედან, რომ მუშაობას აზრი აღარ ჰქონდა.

რაც შეეხება იმპორტს, რუსეთიდან შემოდის ფქვილი. გასაგები მიზეზის გამო, ფქვილზე საექსპორტო გადასახადი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ბოლო 1 კვირაში ფქვილზე ფასი 6 ლარით არის გაზრდილი 50 კგ-იანი ტომრის შემთხვევაში. საპროგნოზო ფასი კი, კიდევ უფრო მაღალია, გამომდინარე იქედან, რომ მოთხოვნა იზრდება საქართველოდან და მწარმოებლები ფასს ხელოვნურადაც ზრდიან. მეორე მიმართულებაა ის, რომ ლოჯისტიკის ჯაჭვში პრობლემებია. საქართველოში ორი სატრანსპორტო გზით შემოდის ხორბალი – რკინიგზით და საავტომობილო გადაზიდვებით. სარკინიგზო გადაზიდვის ფასი, ბოლო 2 კვირაში 6 დოლარით გაძვირდა. სამანქანო გზით კი, მოგეხსენებათ რა მასშტაბისაა ლარსზე რიგები. ადრე თუ 3-4 დღე სჭირდებოდა ტრაილერის გადაზიდვის ციკლს, ახლა ვადა 10 დღემდე გაიზარდა. ეს ორივე ზრდის ლოჯისტიკის ხარჯს და ეს აისახება ფასზე.

ასევე, რუსულ წისქვილებთან ანგარიშსწორება რუბლში ხდება, რუბლის გამყარებამ კი თვითღირებულების ზრდა გამოიწვია. დღეს, რუსული წარმოების ფქვილზე ფასი 78 ლარია. ესეც, ძველი დაკონტრაქტებით შემოსულ პროდუქციაზეა საუბარი. მე, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მომავალი კვირიდან ფასები 82-83 ლარის ფარგლებში იქნება. პურის მწარმოებლებმა უნდა თქვან ზუსტად, რა მოხდება, მაგრამ თუ 82 ლარამდე გაიზარდა ფასი, თვითღირებულებაში ვეღარ ჩაეტევიან.

თან, პურის მწარმოებლებსაც აქვთ ძალიან ბევრი პრობლემა, ერთი არის ის, რომ ხარისხი არ არის სტაბილური. სხვადასხვა ხარისხის ფქვილი შემოდის. მომწოდებლების შემთხვევაშიც არის გარკვეული პრობლემები. სხვა დეტალებზე ალბათ, უკეთ იტყვიან პურის მწარმოებლები“, – განაცხადა ბიძინაშვილმა..

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული გადასახადის გამო, საქართველოში მისი იმპორტი შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რაზეც მთავარ იმპორტიორ ქვეყანას საექსპორტო გადასახადი დაწესებული არ აქვს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში იმპორტირებულია 8 181 ტონა ხორბალი და მესლინი (2.9 მილიონი აშშ დოლარი), რაც 2021 წლის აპრილის მაჩვენებელზე, 31 140 ტონაზე (7 364 მილიონი აშშ დოლარი), 73%-ით ნაკლებია. წელსაც ქვეყანაში ხორბლის მთავარი შემომტანი რუსეთია – აპრილში ჩრდილოელი მეზობლისგან 8 117 ტონა ხორბალი ვიყიდეთ, რაც მთლიანი რაოდენობის 99%-ია. დანარჩენი 1% ყაზახეთსა და ავსტრიაზე მოდის.