დეპუტატები ითხოვენ, დაჩქარებით მიიღონ კანონპროექტი, რომელიც ტურიზმის სექტორს გადასახადებს ჩამოაწერს
საქართველოს პარლამენტში ტურიზმის სექტორისთვის პანდემიის პერიოდში წარმოშობილი გადასახადების ჩამოწერის ინიციატივა აპრილში დარეგისტრირდა, რაც სასტუმროებს, რესტორნებსა და ტურ-ოპერატორებს ქონების პანდემიის პერიოდში დაგროვილ გადასახადს ჩამოაწერდა.
საგადასახადო შეღავათი 3,080 კომპანიას შეეხება და მათ 39.2 მილიონი ლარის ქონების გადასახადს ჩამოაწერს. ამ ობიექტებიდან 17.7 მილიონის გადასახადები თბილისში ჩამოიწერება, დანარჩენი კი რეგიონებში.
კანონპროექტი 13 აპრილს დარეგისტრირდა, თუმცა ამ დრომდე არაა მიღებული, ამის გათვალისწინებით დეპუტატებმა დავით სონღულაშვილმა, ეკა სეფაშვილმა, რიმა ბერაძემ და სხვებმა შეიტანეს განაცხადი, რომ ეს ინიციატივა დაჩქარებული წესით იყოს განხილული.
დეპუტატები აცხადებენ, რომ ბიზნესუბიექტებს გადაუხდელი ქონების გადასახადზე ამჟამად საურავები ერიცხებათ, რის გამოც აუცილებელია კანონპროექტი რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული.