საქართველოში დისტანციური საირიგაციო სისტემების მართვის პორტალი 1 თვეში ამოქმედდება
დისტანციური საირიგაციო სისტემების მართვის პორტალი სრულყოფილად (agrogeorgia.com) 1 თვეში ამოქმედდება. აღნიშნულ პერიოდში ფერმერებს პორტალზე დარეგისტრირება და სერვისის მიღება უკვე შეეძლებათ.
როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია, AGRoGEORGIA-ს დამფუძნებელი ონისე ზივზივაძე “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, პროექტი მცირე ან საშუალო მიწიანი ფერმერებისთვის მოსავლის გაორმაგებას და მათი ყოფის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
„დისტანციური საირიგაციო სისტემები ისედაც არსებობს მსოფლიოში, რადგან ჩვენს რეგიონში სოფლის მეურნეობა დომინირებულია მცირე ფერმერების სახით, მნიშვნელოვანია მათი სამუშაო გარემოს, შემოსავლების გაუმჯობესება და მოსავლიანობის გაზრდა.
საქართველოში კონტროლერებს უკრაინელი პატნიორებთან ერთად ჩვენი კომპანია აწამოებს, რომლის სენსორიც ფოთოლში მაგრდება და გვეუბნება რამდენად საკმარისად აქვს მცენარეს წყალი, ტემპერატურა და ა.შ. ამ სისტემით, იზოგება წყალი და ფერმერი მოსავლის მაქსიმალურ რაოდენობას იღებს. როუტერის საშუალებით მიღებული ინფორმაციის ნახვა მობილურში იქნება შესაძლებელი. ეს იქნება პორტალი ფერმერებისთვის,“– აცხადებს ონისე ზივზივაძე.
მისი განმარტებით,ფერმერს აღნიშნული სისტემის მონტაჟი 1 ჰა ტერიტორიაზე 1200-1500 ლარი (ერთჯერადად) დაუჯდება. ყოველთვიური საკომისიო კი 50 ლარის ოდენობით იქნება.
AGRoGEORGIA საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტის მფლობელი 2021 წელს გახდა.
სტარტაპის დამფუძნებლის განცხადებით, 100 000 ლარიანი გრანტი სწორედ პორტალის შექმნას დასჭირდა. მათ შორის, 40% სერვერის შეძენას, ნაწილი – მატერიალურ მასალებს, ხოლო დანარჩენი მარკეტინგულ კამპანიებში და ხელფასებზე განაწილდა.