ახმეტის ინოვაციების ცენტრი გრეის ჰოპერის ჯილდოს ფინალისტი გახდა
ახმეტის ინოვაციების ცენტრი გრეის ჰოპერის ჯილდოს ფინალისტი გახდა. ჯილდოზე წარდგენილია პროექტები, რომლებიც ტექნოლოგიებში გოგონებისა და ქალების ჩართულობას უჭერს მხარს.
„TechGirls Georgia“ პროექტის მიზანია ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, არსებული სტერეოტიპების დაძლევა და ცნობიერების ამაღლება. ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელის, შორენა ჩაფურიშვილის თქმით, მათ მიერ ტექ გოგონების პროგრამაა წარდგენილი, 10 ივნისს კი დაჯილდოვება გაიმართება.
,,2021 წელს გერმანიის ქართული სათვისტომოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბ ილიაუნის და ახმეტის ინოვაციების ცენტრის პარტნიორობით განხორციელდა პროექტი „ტექ გოგონები/”TechGirls Georgia“, რომელიც დაფინანსებული იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების/საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (GIZ/CIM) მიერ. “TechGirls Georgia” პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ პროგრამირების/კოდის წერის საფუძვლები Calliope mini-ის საშუალებით. Calliope mini არის ინოვაციური პროდუქტი, მინი კომპიუტერი პროგრამირებისთვის, რომელიც 2017 წელს გერმანულმა ტექ-სტარტაპმა საგანმანათლებლო მიზნებისთვის განავითარა და დღეისათვის გერმანიის რიგ სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამაშია ინტეგრირებული.
პროექტის ფარგლებში: ახმეტის ინოვაციების ცენტრში დაარსდა ტექ-გოგოების კლუბი, რომელიც მონაწილეობს საინფორმაციო-საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმის შექმნაში. კლუბი ჩართულია მენტორინგის პროგრამაში, ეცნობა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში არსებულ მრავალმხრივ კარიერულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.
კლუბის წევრი გოგონების ერთი წარმომადგენელი დღეს მუშაობს ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში დეველოპერად და ასევე, იგი კალიოპეს დახმარებით ატარებს პროგრამირების ტრენინგ კურსებს.
კლუბის სხვა წევრები, რომლებიც ჯერ ისევ სკოლაში სწავლობენ, მეგობრებს გადასცემენ მიღებულ ცოდნას. კლუბი არის მოთხოვნადი და ყოველდღიურად იზრდება მისი წევრების რიცხვი. დღემდე ახმეტის ინოვაციების ცენტრში გრძელდება ტრენინგ კურსები და ვორქშოფები კალიოპე მინის (Calliope Mini) გამოყენებით, მზადდება პროექტები’’,- განაცხადა შორენა ჩაფურიშვილმა.