საგარეჯოში დღესასწაული „გარეჯობა – 2022“ გაიმართება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, 9 ივნისს, 12 საათზე სოფელ უდაბნოსთან, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, სოფელ უდაბნოში საერო და რელიგიური დღესასწაული „გარეჯობა – 2022“ აღინიშნება.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება: საგამოფენო სივრცეები, საკონცერტო ნომრები, ჭიდაობა, დოღი, ეთნო კუთხეები და გაიმართება ტრადიციული ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.
,,ქალაქ საგარეჯოს ცენტრალური მოედნიდან, დავით გარეჯის მიმართულებით იმოძრავებს მიკროავტობუსები. მოქალაქეთა უსაფრთხოებას კი შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. ადგილზე მობილიზებული იქნება პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
გარეჯის სახალხო დღესასწაული დავით გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება. 1988 წლის შემდეგ, ეს დღესასწაული მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს მცირე მასშტაბით აღინიშნა. საგარეჯოს მუნიციპლიტეტის მერიის ინიციატივით აღნიშნული დღესასწაული 2018 წლის 21 მაისს იქნა აღდგენილი, როგორც მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაული. ღონისძიება გაიმართება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარ ეპისკოპოს-მეუფე ლუკას ლოცვა-კურთხევით’’,- აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.