თელავის მერიამ ,,ნადიკვრის,, ტერიტორიაზე დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობისთვის ტენდერი გამოაცხადა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ თელავში, პარკ ,,ნადიკვრის” ტერიტორიაზე დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობის სამუშაოებზე 2 758 521 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამფითეატრის მაყურებელთა დასაჯდომი სივრცის გადახურვა, მოძველებული ატრაქციონების ახლით ჩანაცვლება, ახალი ატრაქციონების განთავსება, აუთვისებელი ქვედა ტერასის სხვადასხვა ფუნქციებით დატვირთვა, მათ შორის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის სავარჯიშო და სათამაშო სივრცეების მოწყობა.
ასევე, პირველად თელავში, შინაური ცხოველებისთვის მოეწყობა სავარჯიშო სივრცე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სავაჭრო ჯიხურებს, სველს წერტილს და არსებული ატრაქციონების ნაწილს.
პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება,რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას.