ევროკავშირის ელჩი: “საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის”
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა გაატაროს რეფორმები, რადგან პრობლემები აქვს იმ სფეროებში, რომლებიც ევროკავშირისთვის საკვანძო ღირებულებისაა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა სასტუმრო “რედისონში”, სადაც გაიმართა კონფერენცია: „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“.
კარლ ჰარცელის თანახმად, ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს საბაბი, იამაყოს იმ მიღწევებით, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერის არაფორმალური წოდება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოუტანა, მაგრამ, მეორე მხრივ, რეფორმების სიჩქარე შენელდა, ქვეყანამ კი გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ელჩი ამბობს, რომ საქართველოს “შეეძლო, უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგანაც ამ დროს ევროკავშირი სულ უფრო შეშფოთებულია ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორიით”.
“დემოკრატიული არჩევნები, 5 ივლისის ძალადობა და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები, უმცირესობების უფლებების და ჟურნალისტების დაცვა. საიდუმლო მოსმენების პრაქტიკა, ადამიანის უფლებებისა და კერძოდ, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. ამ ყველაფრის გამო სათუო ხდება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გამართულობა”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
კარლ ჰარცელის თქმით, “გაფართოების პოლიტიკაში ევროკავშირი ხელმძღვანელობს არა სიმპათიებით ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, არამედ იმით, თუ როგორ ატარებს კანდიდატი ქვეყანა რეფორმებს და რამდენად მტკიცედ აქვს ამ რეფორმების ჩატარების სურვილი”.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი – 10 მაისს. თბილისში მოელიან, რომ პასუხების შეფასებას ივნისის ბოლოს მიიღებენ.
რადიო თავისუფლება.