ახალი ამბები

გურჯაანში, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა დაიწყო

გურჯაანში, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში აშენდება 50 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. თანამედროვე სტანდარტების აკადემიაში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები, სასწავლებელი აღიჭურვება უახლესი ტექნიკით, ინვენტარით და შენობა სრულად იქნება ადაპტირებული, ხოლო სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2024 წელს მოხდება.

,,გასტრონომიული აკადემიის მშენებლობით, შესაძლებლობა ეძლევა არა მხოლოდ გურჯაანს და კახეთს, არამედ საქართველოს რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება როგორც ახალი მიზიდულობის ცენტრი ტურიზმისთვის, ასევე, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. მინდა ხაზი გავუსვა და აღვნიშნო, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის როლი და უდიდესი წვლილი კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის ბასკეთის მხარესთან მოლაპარაკებებისა და სასწავლებლის დაფუძნებაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილს მოვაწერეთ ხელი, რომელიც კაფსულაში განთავსდა. ცერემონიის დასასრულს, ბასკი კოლეგების მიერ ნაჩუქარი ხე აკადემიის ტერიტორიაზე ერთობლივად დავრგეთ”,-განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა, ესპანეთის სამეფოს ბასკეთის ნაციონალური პარტიის პრეზიდენტმა ანდონი ორტუსარმა, ბასკეთის კულინარიული ცენტრის სამაგისტრო პროგრამების დირექტორმა იდოია კალეხამ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და უნარების სააგენტოს დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა.

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს.