ახალი ამბები

ევროკოდებით მშენებლობა სავალდებულო, სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლოდან იქნება

საქართველოში შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი დღემდე საბჭოური სტანდარტებით შენდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აქვს სამშენებლო კოდექსი, რომელიც საერთაშორისო სამშენებლო კოდების დანერგის ვალდებულებას აჩენს, მშენებლობა მაინც ძველი სტანდარტებით მიმდინარეობს.

ე.წ. ევროკოდები, რომელიც შენობების კონსტრუქციის, დაპროექტების, სეისმომედეგობის და კიდევ ბევრ სხვა მშენებლობასთან დაკავშირებულ წესს ადგენს, ეკონომიკის სამინისტრომ თარგმნა, თუმცა იმისთვის, რომ ის ამოქმედდეს, სავალდებულოა, დოკუმენტს თან ეროვნული დანართიც ახლდეს, რაც ეკონომიკის სამინისტროს ჯერ არ შეუმუშავებია.

უწყების ევროკოდებთან დაკავშირებული პროექტის კონსულტანტი ირაკლი ურუშაძე აცხადებს, რომ ათივე დანართი მზად, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის იქნება, რომლის შემდეგაც 2-წლიანი გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს. მისივე ინფორმაციით, ევროკოდებით პროექტების შესრულების თარიღად 2024 წელი მიიჩნევა.

“ევროკოდი ყველაზე თანამედროვე ევროპული ნორმაა, რომელიც მოქმედებს ევროპულ და არა მარტო ევროპულ სახელმწიფოებში; შეიძლება ითქვას უნივერსალურია, რომელიც ყველგან გამოიყენება. ჩვენ გვაქვს ადგილობრივი ნორმების ნაწილი და ნაწილი ჰარმონიზებულია ძველ ნორმებთან.

პანდემიის გამო შეფერხდა და გადავადდა, თარგმნის და ტერმინების პრობლემაც იყო; 5 700-გვერდიან დოკუმენტზეა საუბარი, რომლის თარგმნა ამ ეტაპზე დასრულებულია. გამზადებულია 2 დანართი, 2 კიდევ მზადდება და ვფიქრობთ, წლის ბოლოს ათივე ნაწილი გვექნება მზად. ამის შემდეგ იქნება გარდამავალი პერიოდი; ალბათ 2 წელი დასჭირდება ამ პროცესს. ეს იქნება პერიოდი, როცა ორივე ნორმა იმოქმედებს, რათა გადამზადდნენ სპეციალისტები. პროცესი ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ნორმების ზემოთ აწევას, თანამედროვე მასალების გამოყენებას”, – განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ირაკლი ურუშაძემ.

“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, იწყებს პროექტს, რომლის მიზანიცაა იმ პროცესების მხარდაჭერაა.

ასოციაცია განახორციელებს აქტივობებს როგორც საგანმანათლებლო, ისე პროცესების ადვოკატირების მიმართულებით. კერძოდ, ასოციაცია მოწვეული ექსპერტებისა და ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით, შეიმუშავებს გადამზადების სპეციალურ სასწავლო პროგრამას, ევროკოდების მიმართულებით. აღნიშნული პროგრამა სიახლეა საქართველოსთვის და ის პირველად სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

გადამზადების პროგრამა განკუთვნილი იქნება 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პროფესიონალი ინჟინრებისათვის. წარმატებული კურსდამთავრებულები თავად განახორციელებენ შემდგომში უკვე საპილოტე ტრენინგებს შესაბამისი პროგრამების მქონე პარტნიორ უნივერსიტეტებში. როგორც ასოციაციაში ამბობენ, ყოველივე ეს ხელს შეუწყობს სამშენებლო ინდუსტრიის მზაობას ევროკოდების სისტემის ამოქმედების მომენტისათვის.