ძლიერი ქარის შედეგად ლაგოდეხში ამბულატორიის შენობას ხე დაეცა
ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში პრობლემები შექმნა.
სტიქიის შედეგად ამბულატორიის ახლადაშენებულ შენობას ხე დაეცა.
სამაშველო სამსახურის განმარტებით, ამბულატორიის შენობის სახურავი, მთლიანად დაზიანებულია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, რადგან ამბულატორიაში სამუშაო საათები უკვე დასრულებული იყო.
ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ლაგოდეხის გარდა, ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა ყვარლის მუნიციპალიტეტში, რის გამოც ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეფერხდა.
გზა მეხანძრე- მაშველებმა უკვე გაწმინდეს და ტრანსპორტის მოძრაობა აღადგინეს.