თელავის მერიამ უნივერსიტეტის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცეების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რეგიონულ დონეზე საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალის განვითარების მიზნით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედნის, რეკრეაციული სივრცეების და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2 825 914 ლარის ოდენობის ტენდერი გამოაცხადა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის სტადიონი სამოყვარულო ტურნირებისთვის, ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები შესაბამისი განათების სისტემებით.
უწყებაში განმარტავენ, რომ დაგეგმილია ახალი სარბენი ბილიკის, ღია სავარჯიშო სივრცის, ღია ტიპის მაგიდის ჩოგბურთის და დასასვენებელ-რეკრეაციული სივრცის მოწყობა.
,,არსებული მრავალფუნქციური სივრცე საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ასევე, უნივერსიტეტისათვის დამატებითი შესაძლებლობა იქნება სტუდენტების მოსაზიდად, რეგიონული ტურნირების ჩასატარებლად, რაც კიდევ უფრო გაზრდის თელავის, როგორც რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრის მნიშვნელობას.
პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება,რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას”,-აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.