საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა
წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის 1-ლი კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა და 1 მილიონი სული შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მათ შორის, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 468.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებლის ტოლია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.6 პროცენტით შემცირდა და 987 ათასი სული შეადგინა.
ღორის რაოდენობა 170.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.2 პროცენტით შემცირდა და 10.3 მილიონ ფრთა შედგინა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის 1-ელ კვარტალში რძის წარმოებამ 112.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია.
ხორცის წარმოებამ 16.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 5.7 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 165.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.4 პროცენტით ჩამორჩება.