ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის სისტემა ამოქმედდა – დეტალები
კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე მთავრობა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის სისტემა აამოქმედა, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 27 აპრილს გამოიცა.
„ინდექსაცია, ძირითადად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოიყენება 18 თვეზე მეტი ხანგრძლივობის მასშტაბური პროექტებისთვის და ის ამ ორგანიზაციების პროცედურულ საკითხს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ ინდექსაციის ასეთ ფორმას მხოლოდ საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები იყენებენ, მთავრობა ყოველთვის გულდასმით უყურებს სექტორის პრობლემებს.
განკარგულების ფარგლებში ეს ინდექსაცია გავრცელდება მიმდინარე ხელშეკრულებებზეც, რაც როგორც წესი გარკვეული გარემოებების გარდა, არ ხდება ხოლმე. ასევე მიმდინარე და გამოცხადებულ ტენდერებზე იმოქმედებს, რათა ეს პარიტეტი დაცული იყოს და ჩვენს კონტრაქტორებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, შესაბამისი ცვლილება რომ აისახება ინდექსის თვალსაზრისით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გარდა დამატებითი თანხა მიიღონ”, – ამბობს რეგიონული განვითარების და ინფრაქტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა საბახტარაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ განკარგულება მცირე პროცენტულ ზღვრებს მოიცავს და ის რეალურად არ აკმაყოფილებს სექტორის პრობლემის გადაჭრას, თუმცა მსგავსი ერთჯერადი აქტისთვის მაინც მისაღებია.
„დადგენილება 27 აპრილს გამოქვეყნდა. დღის წესრიგით აქ საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულებების მისადაგებაზე იმ გარემოებებთან, რომელიც პანდემიის დროსაც იყო, რაც არის ფასთა მკვეთრი ზრდა სამშენებლო მასალებზე. ჩვენ გარკვეული შენიშვნები გვქონდა, რომელიც გულისხმობდა გაძვირების კომპენსირებას, ოღონდ იმ პრინციპით, როგორიც მიღებული პრაქტიკაა, ამ შემთხვევაში საუბარია საქსტატის მონაცემებზე.
საქსტატმა უკვე დაიწყო იმ მეთოდოლოგიის შემუშავება, რომლითაც უნდა გამოაქვეყნოს ინდექსი. მთავარი პრინციპი იქნება ის, რომ თვიდან თვემდე გაძვირება შევა ინდექსში და სწორედ ამის საფუძველზე მოხდება კონკრეტული ასანაზღაურებელი თანხის კალკულაცია კონკრეტული თვის სამუშაოებისთვის, რომელსაც სამშენებლო კომპანია შეასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ განკარგულებაში აღნიშნულია მცირე პროცენტული ზღვრები, რაც არ აკმაყოფილებს რეალურად სექტორის პრობლემის გადაჭრას, მაინც ნორმალურია ის სახელმწიფო რესურსი რომელიც გამოიყო ამ ერთჯერადი აქტის პირობებში. ეს ომიდან გამომდინარე მიიღეს, თუმცა გვინდა დავიწყოთ მუშაობა ისეთი აქტისთვის, რომელიც ყველა სახის ხელშეკრულებაზე იქნება გათვალისწინებული და არა მხოლოდ კრიზისულზე, რომელიც ორივე მხარეს დააბალანსებს მათ უფლებრივ მდგომარეობას და შესრულებების ხარისხს კიდევ უფრო აწევს. ინდექსაცია პირველ ეტაპზე მიმდინარე ხელშეკრულებებს დაფარავს“, – აცხადებს ანა საბახტარაშვილი.
მშენებლები ფასების ინდექსაციის საკითხის გათვალისწინებას სახელმწიფო ტენდერებში წლებია ითხოვენ, თუმცა ეს მხოლოდ ახლა და ისიც ერთჯერადი აქტის სახით მოხერხდა. ინდექსაციის მიუღებლობის შემთხევაში სექტორის წარმომადგენლები უკვე საუბრობდნენ, რომ მიმდინარე პროექტებიდან გასვლის და შეჩერების შემთხვევაში ე.წ შავ სიაში მოხვედრა თავიდან აერიდებინათ.
ინდექსაცია გულისხმობს, რომ სახელმწიფომ სამშენებლო მასალის ფასების ცვლილება უნდა დააკომპენსიროს და შესაბამისად, გაზარდოს ან შეამციროს პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე ხდება საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმ სავარაუდო თანხის დათვლა, რითაც კომპანიამ საბაზრო ფასებს გადააჭარბა.
დადგენილების მიხედვით, ფასთა ინდექსაცია შეეხება შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოების ღირებულების 70%-ს, რომლის ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს საინდექსაციო თანხის ოდენობის 10%-ს. ფასების ინდექსაციისთვის გამოიყენება საქსტატის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდექსი.