ახალი ამბები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ რთველის სუბსიდირების პროცესში კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2021 წელს მთავრობამ რთველზე ჯამში 138 მილიონი ლარის სუბსიდია გასწია, რთველის სუბსიდირების პროცესში კი მთელი რიგი კორუფციული ტიპის პრობლემები იკვეთება, მათ შორის უპირატესობა ენიჭება მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„სუბსიდიის მიზეზად მთავრობამ ჭარბი მოსავალი და გლობალური პანდემია დაასახელა. მოსავლის სუბსიდირებას მთავრობა პირდაპირ ბიუჯეტიდან ახორციელებს, მათ შორის ღვინის სააგენტოს გავლითაც. სუბსიდიის ძირითადი თანხა სახელმწიფოს კუთვნილ შპს „მოსავლის მართვის კომპანიაში” ჩაირიცხა. 2021 წელს ამ თანხამ ჯამში თითქმის 107 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა: “მოსავლის მართვის კომპანიამ” პირდაპირ ბიუჯეტიდან მიიღო 86,500,000 ლარი, ხოლო დამატებით 20,872,727 ლარი ღვინის სააგენტომ მისცა. ღვინის სააგენტოსგან მიღებული თანხით კომპანიას უნდა ჩაებარებინა როგორც საღი, ისე სეტყვით დაზიანებული ყურძენი, ხოლო 86,500,000 ლარით უნდა გადაემუშავებინა მიღებული მოსავალი, დაესაწყობებინა და ტრასპორტირება მოეხდინა, აგრეთვე გაესტუმრებინა სასესხო საკრედიტო ვალდებულებები. ამ თანხის მეშვეობით კომპანია აცხადებს გამარტივებულ შესყიდვებსაც და ოპერირებს წლის განმავლობაში.

ღვინის სააგენტომ რთველის დაფინანსებაზე ჯამურად 47,447,110 ლარი გასცა. აქედან, როგორც აღვნიშნეთ, 20,872,727 ლარი “მოსავლის მართვის კომპანიის” ანგარიშზე წავიდა, ხოლო დანარჩენი თანხა – 26,547,383 ლარი – 82 ღვინის მარნის სუბსიდიაზე დაიხარჯა. ღვინის სააგენტოში სულ 83 ღვინის კომპანია დარეგისტრირდა წინასწარ.

მთავრობის 2021 წლის 23 აპრილის #626 განკარგულების თანახმად, შპს „მოსავლის მართვის კომპანიას” დაევალა ყურძნის მიმღები პუნქტების აღჭურვა შაქრის ავტომატური მზომი მოწყობილობებით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას ამისთვის დამატებით 3,500,000 ლარი ჩაერიცხა.

შპს “მოსავლის მართვის კომპანია” უმეტესწილად გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებს, რომლებსაც ძირითადად “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალური კომპანიები იღებენ. ღვინის სააგენტოში სუბსიდირებისთვის რეგისტრირებული 83 კომპანიიდან 31 ეკუთვნის “‘ქართული ოცნების” მოქმედ ან ყოფილ წევრებს, ან დაკავშირებულია მათთან და მათ ოჯახებთან. ამ 31 კომპანიაზე გაიცა 30,343,512 ლარის ოდენობის თანხა, რაც სუბსიდიის საერთო მოცულობის 22%-ს შეადგენს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სუბსიდიის მიმღები კომპანიები ასევე იღებენ გრანტებს სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში”, სარგებლობენ შეღავათიანი, ფაქტობრივად, უპროცენტო აგროსესხებით და ამავდროულად, პარტია “ქართული ოცნების” შემწირველები არიან. მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2016-2021 წლების განმავლობაში მათ 3,626,420 ლარი გაიღეს.

გამარტივებული შესყიდვები მიიღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა: მისი ცოლისძმის, ალექსანდრე თამაზაშვილის შპს „ვაინ კახეთმა“, პარლამენტის უმრავლესობის ყოფილი წევრის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის ღვინის მარანმა, შპს „ქინძმარაულმა“ და ყოფილი შსს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიამ – შპს „რთველისმა“, ჯამურად 800,000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა მიიღეს.

900,000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მიიღო 9 დღის დაარსებულმა კომპანიამ, შპს “დი ჯი ელმა”, რომლის მესაკუთრე თამარ ალუღიშვილი დედოფლისწყაროელი ბიზნესმენის, ნუგზარ ალუღიშვილის ქალიშვილია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნუგზარ ალუღიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრი და მისი ბიზნესის ფაქტობრივი განმკარგველია.

სუბსიდიის მიმღები 5 მსხვილი კომპანია დაკავშირებულია კომპანია „ბოლერო ენდ კომპანისთან”, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ კარიჭაშვილია. ჯამურად ამ კომპანიებმა მიიღეს 6 მილიონ ლარზე მეტი თანხა. ვახტანგ კარიჭაშვილი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორია და მასთან ერთად ფლობს კომპანიას ბრიტანეთში.

ჯამურად 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო სააქციო საზოგადოება „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ“ და შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიამ”. ეს კომპანიები უკავშირდება ზაალ დუგლაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრს “ქართული ოცნებიდან”.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღვინის კომპანიას იმ შემთხვევაში შეეძლო სუბსიდიის პროგრამაში მონაწილეობა, თუ მევენახისგან ჩაიბარებდა 1000 ტონაზე მეტ ყურძენს. ამ ხელოვნური ბარიერის გამო, მცირე მარნებმა სუბსიდიით ვერ ისარგებლეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს რეკომენდაციით მიმართავს, რათა შეისწავლოს შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” მიერ გამოცხადებული გამარტივებული ტენდერები და მოახდინონ მათზე რეაგირება.

„ასევე უნდა შეისწავლოს ყურძენში შაქრის მზომი მოწყობილობების შესყიდვის გამჭვირვალობა და აუცილებლობა, რადგან გადასახადის გადამხდელებს აღნიშნული ხელსაწყოების შესყიდვა საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. აუცილებელია, რომ თითოეულ გამარტივებულ შესყიდვას ახლდეს ბაზრის კვლევის შედეგები. საჭიროა, შემსყიდველმა – შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ” უფრო ცხადად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც არჩევს კონკრეტულ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს.

ღვინის სააგენტომ პროცესი უნდა წარმართოს გამჭვრივალედ და თანხებზე წვდომა ჰქონდეს მცირე მარნებს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავლები და ბრუნვა აქვთ.

აუცილებელია ღვინის სააგენტომ გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რა საჭიროა თანხების ორ ნაწილად ხარჯვა, როდესაც მცირე ნაწილს გასცემს სააგენტო, თანხის უდიდეს ნაწილს კი რიცხავს შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” ანგარიშზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.