2021 წელს საქართველოს მოსახლეობა 40,000-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 688 600 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2021 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25 966).
„2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.7 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის, თითქმის, მესამედს შეადგენს. 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.8 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.7 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.5 პროცენტს.
2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 770.0 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 918.7 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 30 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 30 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. წინა წელთან შედარებით, 2021 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.0 ერთეულით შემცირდა და 71.4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 67.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 75.4 წელი. 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.
2021 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 პროცენტით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 82.5 პროცენტი და ემიგრანტების 88.6 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2021 წელს, იმიგრანტების 53.4 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.4 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.