ახალი ამბები

მცირემიწიან ფერმერებს აგროსაქმიანობაზე გაწეული ხარჯი დაუსუბსიდირდებათ- რას ფიქრობენ კახეთში

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ფერმერები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საქონლის შესასყიდად დახმარებას მიიღებენ. კერძოდ, 300 ათასამდე ფერმერი სახელმწიფო სუბსიდიის სახით, ჰექტარზე 300 ლარს მიიღებს.

კახეთში მცხოვრები ფერმერები სუბსიდიის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ როგორც მუშახელი, ასევე მოსავლის მოსაყვანად საჭირო აგროქიმიკატები გაძვირებულია, აღნიშნული თანხა კი ძალიან ცოტაა.

,,ძალიან კარგია რომ ფიქრობენ ფერმერებზე, თან იმ დროს, როცა პანდემიამ ასეთი ცუდი გავლენა მოახდინა ჩვენს მუშაობაზე, მაგრამ 300 ლარი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ რამეში დაგვეხმაროს. ყველაფერი გაძვირებულია, აგროქიმიკატების ფასებიც მომატებულია და ეს თანხა არაფერში გვეყოფა, მაგრამ კარგია, რომ ფიქრობენ ჩვენს დახმარებაზე. არ ვიცით ჯერ როგორ უნდა ჩავერთოთ აღნიშნულ პროგრამაში, ალბათ, ამაზეც მოგვაწვდიან ინფორმაციას”, – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მცხოვრებმა ფერმერმა, ლევან გამყრელიძემ, Knews.ge-სთან საუბრისას.

ფერმერების ნაწილი კი აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის დახმარება და პროგრამა, რომელსაც მთავრობა დარგის განვითარებისთვის და მცირემიწიანი ფერმერების დახმარებისთვის განახორციელებს, მნიშვნელოვანია, თუმცა, ისინი ასევე განმარტავენ, რომ არ იციან რა შედეგს მოიტანს აღნიშნული პროგრამის ამოქმედება.

,,ადრეც იყო ვაუჩერები და გვირიგდებოდა სხვადასხვა სამუშაოების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თუ აგროქიმიკატების საყიდლად. ის პროგრამები არსებულ პრობლემებს ვერ აგვარებდა და ეს ახალი პროგრამა რამდენად იქნება შედეგზე ორიენტირებული ან რამდენად დაეხმარება ფერმერებს, არ ვიცით. ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, როგორც სარწყავი წყლის, ასევე აგროქიმიკატების სიძვირის, მუშახელის დაქირავებისთვის საჭირო თანხის გაძვირების, საწვავის გაძვირების და სხვადასხვა კუთხით, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მთავრობა ეხმარება ხალხს მნიშვნელოვანია”,– განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ფერმერებმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებით, პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორეციელების ხელშეწყობა.

„წელს ძალიან რთული წელია მთელს მსოფლიოში. არაერთი გამოწვევა არსებობს. ჯერ იყო პანდემია, ახლა უკვე ეს დამანგრეველი ომი და ბუნებრივია, ყველგან გაუარესდა მდგომარეობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინფლაცია, ფასების ზრდა და ასე შემდეგ. ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური ვითარება რომ შევინარჩუოთ, უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლოებას, ფერმერებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ. პროგრამის დამკტიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა.

სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით. ანუ სუბსიდიას მიიღებენ 0,25 ჰექტრიდან 1,25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები და ბენეფიციარს შეეძლება, რომ ეს სუბსიდია მიიღოს. მათ დახმარება-სუბსიდია ქულების სახით სპეციალურ აგრობარათზე დაერიცხებათ, რომლის გამოყენებაც მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საქონლის შესასყიდად შეეძლებათ. ვფიქრობთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერს შეეხება. პროექტის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს შეადგენს. ვფიქრობთ, ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად.

ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება სპეციალურ აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ბენეფიციარებს აგრობარათებით უზრუნველყოფს ლიბერთი ბანკი. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.

,,ახალი პროგრამა ითვალისწინებს სუბსიდიის მოცულობის განსაზღვრას შემდეგი პირობებით: თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ჯამურად გააჩნია 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე გადაანგარიშებით, მიწის ნაკვეთ(ებ)ის თითოეულ ასეთ მესაკუთრე ბენეფიციარზე;

თუ ბენეფიციარებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 300 ლარით ან/და ქულით ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, ჯამურად ასეთ თანამესაკუთრე ბენეფიციარებზე; იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარ(ებ)ს მიწის ნაკვეთები გააჩნია(თ) როგორც საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში, სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული საკუთრებასა და თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალ-ცალკე.

სუბსიდიის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში უნდა გააჩნდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ჯამური ფართით − არანაკლებ 0.25 ჰა-ისა და არა უმეტეს 1.25 ჰა-ისა ან/და არა უგვიანეს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით განახორციელოს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაცია ან ინფორმაციის იმ სახის დაზუსტება, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს. ბენეფიციარი ვალდებულია, დარეგისტრირდეს ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში წარმოებულ რეესტრში”,- აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.