ბოლო 3 წელიწადში ქათმის კვერცხი 70%-ით გაძვირდა
24 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომო სუფრისთვის სამზადისი თითქმის დასრულებულია.
მთავარი, რაც სააღდგომო სუფრაზე უნდა იყოს, შეღებილი კვერცხია. ერთი შეხედვით, რეალიზაცია აქტიურია, თუმცა, როგორც მწარმოებლები აღნიშნავენ, სიტუაცია ბევრად განსხვავებულია პანდემიამდელ პერიოდტან შედარებით როგორც ფასის, ასევე გაყიდვების მხრივ.
კომპანია ,,კუმისის“ დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, კვერცხის ფასი 70%-ით არის გაზრდილი, ხოლო რეალიზაციის მაჩვენებელში დაახლოებით 30%-იანი კლებაა.
,,სააღდგომოდ კვერცხის გაყიდვის მაჩვენებელი დამოკიდებულია ფასზე და იმ პერიოდში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში არასახარბიელოა. პანდემიამ ამ მხრივ ცუდი გავლენა მოახდინა, 2020-2021 წლებში შეზღუდვებიდან გამომდინარე, ცუდი რეალიზაცია იყო. წელს უკრაინაში მიმდინარე ომი არის დაბრკოლება, რის გამოც მოთხოვნა ნაკლებია.
როცა ნორმალური პირობები იყო და ფასიც ქრისტიანული, სააღდგომო პერიოდში, 40 დღის განმავლობაში ბაზარზე 150 000 ყუთი გვეყიდებოდა, დაახლოებით 50 მილიონი კვერცხი. ასე იყო 2017 წლის ჩათვლით, საფასო ცვლილება ძირითადად ამ წლის მერე დაიწყო. პანდემიამდელ პერიოდს რომ შევადაროთ, კვერცხი 70%-ით გაძვირდა, ხოლო გაყიდვამ 30%-ით იკლო. ჯერ არ ვიცით, აღდგომის დღესასწაულზე ჯამში რა რაოდენობის კვერცხი გაიყიდება. მაჩვენებლები ბოლო 2 დღეში მნიშვნელოვნად შეიცვლება, ამიტომ ზუსტი მონაცემი აპრილის ბოლოს ან მაისში გვეცოდინება“,- ამბობს უჩუმბეგაშვილი ,,კომერსანტთან“.