ახალი ამბები

ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ახალშექმნილი ასოციაცია რუსეთის ალტერნატიულ ბაზრებს სწავლობს

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის ხელშეწყობისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია დაფუძნდა.

ახალშექმნილი ორგანიზაცია, ბაზრების დივერსიფიცირების გარდა, აქტიურად იმუშავებს ქვეყნის გარეთ ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლების, ხარისხის სტანდარტის გაუმჯობესებისა და საგანმანათლებლო მიმართულებით, რაც დღეს ამ სექტორის გამოწვევად მიიჩნევა.

ბიზნესგაერთიანების თანადამფუძნებელი და კომპანია „ფრუტილიას“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ასოციაციაში საწყის ეტაპზე 20- მდე კომპანიაა გაერთიანებული და მათი რაოდენობა სამომავლოდ კიდევ გაიზრდება.

„ასოციაციაში გაერთიანებულ ოცივე კომპანიას ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ვცდილობთ წარმატებით გადავჭრათ ის საკითხები, რაც ამ ეტაპზე წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით არსებობს. პრიორიტეტი იქნება ბაზრების დივერსიფიკაცია, ასოციაციის მეშვეობით ვგეგმავთ ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ჩატარდება ტრენინგები და აქტიურად ვიმუშავებთ ექსპორტის ზრდისა და მაღალი სტანდარტის ქართული პროდუქტის სავაჭრო ნიშის შექმნისთვის. ეს შეეხება როგორც ხარისხს, ასევე ფასებს. სახელმწიფო პროექტები, როგორებიცაა ,,დანერგე მომავალი“, ,,იაფი სესხი“ და სხვა, წარმოების ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანია. მოსავლიანობა იზრდება და შესაბამისად ექსპორტიც მატულობს“, – ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი რუსეთში შეუზღუდავად ხორციელდება, თუმცა გამოწვევად რჩება ევროპული ბაზრები, სადაც ადგილობრივი პროდუქტი დიდწილად კონკურენტუუნაროდ მიიჩნევა, დაბალი ხარისხის გამო.