დავით მესხიშვილი- ტექინსპექტორების ცენტრების ნაწილი დახურვის პირასაა
ტექინსპექტორების ცენტრების ნაწილი დახურვის პირასაა – ამის შესახებ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მინიმუმამდეა შემცირებული ცენტრებში მიმართვიანობა.
„ახლა არის ახალი გამოწვევებიც, რომელიც უკავშირდება ბიზნესს. კერძო სექტორმა მიიღო დაპირება 2017 წელს, რომ მთლიანი სისტემა იქნებოდა გამართული და შესაბამისად, მიმართვიანობა ინსპექტირების ცენტრებში იქნებოდა მაღალი. მაშინ ამისთვის სესხი მოიძია სექტორმა ინვესტიციების სახით.
გვაქვს რეალობა, რომ ინსპექტირების ფიქსირებული გადასახადი ვეღარ აბალანსებს ლარის გაუფასურებას, გაძვირებულია აღჭურვილობა და ტექნიკა-დანადგარები. შეიქმნა რეალობა, როცა ბიზნესი არის დახურვის საფრთხის წინაშე.
დაპირება, რომელიც სახელმწიფომ გასცა, არ სრულდება, მიმართვიანობა ძალიან დაბალია. ბიზნესი თუ წელში გამართული არ იქნება, რეფორმა თავისთავად ჩავარდება. მთავარი აქტორი და პასუხისმგებელი უწყება ეკონომიკის სამინისტროა, მაგრამ არ ვიცით კონკრეტულად ვინ, რომელი სტრუქტურა.
ვინ აკეთებს სტატისტიკას რამდენი დახარვეზდა, რა მიზეზით, რა არის პრევენცია, რა გავლენა აქვს ტექინსპექტირების რეფორმას გზებზე კატასტროფების შემთხვევებზე, რა იყო კანონის აღსრულებაში მთავარი გამოწვევები. ეს კვლევები გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს და არა სახელმწიფოს, რომელსაც შესაბამისი უწყებებიც კი არ აქვს“ – ამბობს დავით მესხიშვილი.