ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისთვის მინიმუმ 600 მლრდ დოლარი იქნება საჭირო
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ Spring Meetings 2022-ზე, საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის მიერ უკრაინის და უკრაინული ეკონომიკის განადგურების გეგმის შესახებ აცნობა და უკრაინისთვის მოკლევადიანი დაფინანსების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
„დაბლოკილია პორტები, დარტყმები ქარხნებზე ხორციელდება, ცდილობენ თესვის პროცესის შეფერხებას, ქალაქები ნადგურდება. ზარალი უკვე 500 მლრდ დოლარს შეადგენს. მშპ მიმდინარე წელს, შესაძლოა, 30-50%-ით შემცირდეს.
უკრაინას გადარჩენისთვის პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. ასეთი მოკლევადიანი დახმარების მოცულობა შემდეგი ნახევარი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 4-5 მლრდ დოლარია“, – განაცხადა შმიჰალმა.
მისივე თქმით, ასეთი მხარდაჭერის ინსტრუმენტი შეიძლება იყოს IMF-ში ემიტირებული სესხის სპეციალური უფლებები. ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ომის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენის გეგმის შესახებ ისაუბრა.
“გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის აღდგენა მინიმუმ 600 მლრდ დოლარი იქნება საჭირო. ასეთი რეკონსტრუქცია მხოლოდ ინფრასტრუქტურის აღდგენას კი არ მოიცავს, არამედ ახალი ეკონომიკის და ახალი ევროპული ინსტიტუტების განვითარებასაც გულისხმობს“,- აღნიშნა დენის შმიჰალმა.