საქართველოს ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ეწვევიან
აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი, მიმდინარე კვირაში, საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში კონგრესის დელეგაციის ვიზიტს უხელმძღვანელებს.
ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენი სტეფან მერფი, კონგრესმენი ქეითლი რაისი, კონგრესმენი დევიდ სისილინი და კონგრესმენი ტედ დოიჩი.
დელეგაცია აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში შეხვდება, რათა განიხილონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კოვიდ-19 პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა.
„ვამაყობ, რომ ევროპისა და ტრანსატლანტიკური ალიანსისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვუერთდები კონგრესის დელეგაციას ჩემს კოლეგებთან ერთად,”– განაცხადა სენატორმა კუნსმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, დაწყებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, დამთავრებული კოვიდ-19 პანდემიითა და 21-ე საუკუნეში გლობალური დღის წესრიგის შემუშავებით, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე.
„ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ. მოუთმენლად ველი ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას,”- განაცხადა კუნსმა.
ამასთან, სენატორი პიტერსის განცხადებით, რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაარწმუნა ამერიკა ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში.