კერამიკოსი ქალები პანკისის ხეობიდან
პანკისელი კერამიკოსი ქალების სახელოსნო, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მოქმედებს.
აღნიშნულ საქმიანობაში 20-მდე ადგილობრივი ქალია ჩართული და ისინი სხვადასხვა სახის ხელნაკეთ სუვენირებს, ჭურჭელს და სხვა ნამუშევრებს ამზადებენ, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში დიდი მოწონებით სარგებლობს.
კერამიკოს ქალთა სახელოსნო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ჰანოვერის ქართული სათვისტომოს და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი KRDF-ის მხარდაჭერით შეიქმნა.
პროექტის ავტორი, თორნიკე მურცხვალაძე აცხადებს, რომ ჰანოვერის ქართული სათვისტომოს და KRDF-ის მხარდაჭერით მოხდა პანკისელი ქალების კერამიკის ხელსაქმით დაინტერესება და არსებული სახელოსნოს გაფართოება- აღჭურვა.
,,პანკისის ხეობაში არსებობს კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფუძნებული სათემო ცენტრი და სახელოსნო, სადაც 2017 წლიდან ადგილობრივ ქალებსა და ახალგაზრდებს ასწავლიან კერამიკული ჭურჭლის წარმოებას. თუმცა, ჩვენს პროექტამდე კერამიკის სწავლებას ძალზე პრიმიტიულ ხასიათი ჰქონდა და უფრო მეტად არტ-თერაპიას ემსახურებოდა. ჩვენი პროექტის ფარგლებში, სახელოსნო აღვჭურვეთ თანამედროვე დანადგარებით და ხელსაწყოებით, რაც მთავარია, ადგილობრივ ქალებს მივეცით კერამიკაზე მუშაობისა და გაყიდვადი პროდუქტის შექმნის ცოდნა.
ჩვენი პროექტით გვინდა, რომ პანკისი თემში მცხოვრებ ქალებს და ახალგაზრდა გოგონებს მივცეთ ცოდნა და შესაძლებლობა გაძლიერების, ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საზოგადოებაში თავიანთი როლის გაზრდის. პროექტის ფარგლებში, პანკისელმა ქალებმა შეისწავლეს კერამიკაზე მუშაობა და გაიარეს მეწარმეობის კურსი. კერამიკაზე მუშაობა პანკისელ ქალებს გერმანიაში მოღვაწე ქართველმა კერამიკოსმა ნონა ოთარაშვილმა შეასწავლა; მხოლოდ ერთხელ გვქონდა პანკისელი ქალების მიერ შექმნილი კერამიკა გამოფენაზე გატანილი. ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა’’,- განაცხადა თორნიკე მურცხვალაძემ.
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, იზა ბექაური აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში გადამზადება 20-მდე ქალმა გაიარა. ისინი სისტემატიურად აგრძელებენ მუშაობას და სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ, რომელსაც შემდეგ ყიდიან.
,,ქალებმა გაიარეს ტრენინგები, გადამზადდნენ და დაიწყეს მუშაობა. ისინი სხვადასხვა გამოფენაში იღებენ მონაწილეობას და ეს მათთვის დიდი სტიმულია. ახლაც აგრძელებენ მუშაობას, რომ ტურისტული სეზონისთვის მზად იყვნენ და მათ საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ.
20-მდე ქალი იყო ჩართული თავიდან და ისინი ყოველდღე მოდიან და მუშაობენ.
მათ აქვთ თავიანთი შტამპი, რომლის დახმარებითაც ნამუშევრებს საკუთარ სახელებს აწერენ. შემდეგ იციან ვისი პროდუქციაც იყიდება და აქედან რაღაც პროცენტს ტოვებენ, რომ ახლიდან იყიდონ მასალა სამუშაოდ და დანარჩენს ხელფასის სახით იღებენ თავიანთი გაყიდული პროდუქციიდან’’,-განუცხადა knews.ge-ს იზა ბექაურმა.
კერამიკოსი გულიკო ხანგოშვილი აცხადებს, რომ თავიდან აღნიშნული საქმიანობა რთული იყო, თუმცა ახლა სხვადასხვა სახის ნივთებს ამზადებენ, რომელიც როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოქალაქეების მოწონებას იმსახურებს.
,,როდესაც დაიწყო ტრენინგები, მე ამან დამაინტერესა. სახალისო იყო და განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაც. გერმანიიდან ჩამოსულმა კერამიკოსმა გვაჩვენა თავისი სახელოსნო, გვაჩვენა რას როგორ აკეთებდა. სასიამოვნოა ისიც, რომ ყველას თავისი ბეჭედი გვაქვს და ჩვენს სამუშევრებს სახელებს ვაწერთ. პირველ რიგში პატარა ფილები გავაკეთეთ, მაცივარზე მისაკრავები. თავდაპირველად ოჯახის წევრებისთვის ვაკეთებდით. ვამზადებთ ჯამებს ორნამენტებით, სამარილეებს, სასაპნეებს და ყოველ ჯერზე ლამაზდებოდა და იხვეწებოდა ნამუშევრები. ამან მოგვცა სტიმული.
მუშაობის დაწყებისას, ჯერ ხდება თიხის დამუშავება, მერე ფორმას ვაძლევთ და შემდეგ საბოლოო სახის მიცემის შემდეგ იწყება მოხატვა. ახლა ძირითადი მოთხოვნაა სამარილეებზე, რომელიც სადაა და ლამაზი. სამომავლოდ ვეცდებით, რომ უფრო გავააქტიუროთ მუშაობა. ვისაც შემოქმედებითი ნიჭი აქვს, აკეთებს კოშკებს, ფილებზე სხვადასხვა სახის ნახატებს და ორნამენტებს, ჭიქის სადგამებს, სხვადასხვა ფორმის კოვზებს. თანდათან იბადება იდეებიც და ვცდილობთ ახალი აღმოჩენების გაკეთებას’’,- განუცხადა knews.ge-ს კერამიკოსმა გულიკო ხანგოშვილმა.