რა ეტაპზეა სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის სამუშაოები- ფოტოები

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი ველისციხის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის ფარგლებში ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგაც შენობა მულტიფუნქციური გახდება.
შეხვედრაზე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტრო დააფინანსებს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ სპექტაკლების დადგმას ველისციხის თეატრში.

აღსანიშნავია, რომ ველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის თეატრს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს.
რეაბილიტაციის ბიუჯეტის პროექტი 30 მილიონი ლარია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი კომპანია „ამხანაგობა 21“-მა მოამზადა, ხოლო პროექტის დამკვეთი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ველისციხეში საზოგადოებრივი პარკის, თეატრის შენობისა და დაახლოებით 55 სახლის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც ერთი საფეხმავლო ქუჩის გარშემოა. ცენტრალური ქუჩა საფეხმავლო ქუჩად გადაკეთდება, რეაბილიტირდება ცენტრალური პარკი, პარკში განლაგდება მზის პანელები, მოეწყობა ფანჩატური, ტრენაჟორები, ბილიკები, განათება.

დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებულია სკეიტ-პარკის და მრავალფუნქციური შენობის მოწყობა. შესაბამსად პროექტი ითვალისიწნებს ავტოსადგომების მოწყობას როგორც დიდი ავტობუსებისთვის, ასევე ავტომობილებისთვის. უკვე შერჩეულია ადგილიც – სოფლის აღმოსავლეთ ნაწილიში, მდინარე ჭერმისხევის ახლოს. პარკში გათვალისწინებულია ღია სპორტული მოედნები, დახურული სპორტული დარბაზი, გამწვანება. გათვალისწინებულია 12 სადგომი ავტობუსისთვის და 66 სადგომი ავტომანქანისთვის.
პროექტის ფარგლებში, ველისციხე ძველ არქიტექტურულ მიმზიდველობას დაიბრუნებს და როგორც მის გენგეგმაშია გაწერილი შეიქმნება ცენტრი მიწისქვეშა გვირაბებითა და კაფე-ბარებით, მარნებითა და მეღვინეობის ცენტრით.

 

იხილეთ ამავე თემაზე:

რა შედეგებს მოიტანს სოფელ ველისციხის რეაბილიტაცია

როგორი იქნება სოფელ ველისციხის თეატრი რეაბილიტაციის შემდეგ- ფოტო

რა გაკეთდება სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის ფარგლებში- ფოტოები

როგორი იქნება სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილი რეაბილიტაციის შემდეგ- ფოტორეპორტაჟი