წნორში ხორბლისა და ფქვილის წარმოება დაიწყეს
ბიო მეურნეობა ,,სამყურამ“ ხორბლისა და ფქვილის წარმოება დაიწყო.
როგორც მეურნეობის დამფუძნებელი ნიკა ბეგალიშვილი აცხადებს, მან წარმოება სატესტო რეჟიმში დაიწყო.
„მაქვს მცირე მეურნეობა და ყოველ წელს ერთი და იგივე კულტურა არ მომყავს. წელს, ხორბლის მოყვანა გადავწყვიტე იმ ნაკვეთში, სადაც შარშან მზესუმზირა მოვიყვანე. ზოგადად აგრონომიაში, კულტურათა მონაცვლეობა ძალიან კარგია. ახლა ქართული ჯიშის ხორბალი მაქვს დათესილი. ეს ჩვენთვის სატესტო რეჟიმია და ვნახავ, როგორი იქნება მოსავლიანობა, როგორ მოვახდენ რეალიზაციას და ა.შ. წელს გამოჩნდება. უკვე არის მოთხოვნა რამდენიმე წისქვილისგან, რომ მათ სურთ შეძენა ხორბლის სახით. შეიძლება, გავყიდო უკვე პროდუქტის, ფქვილის სახითაც. ვნახოთ“, – განაცხადა ბეგალიშვილმა.
ცნობისთვის, ბიო მეურნეობა „სამყურა“ ალაზნის ველზე წნორში მდებარეობს. „სამყურას“ წარმოებული პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება.