ახალი ამბებიგზა ევროპისკენთვითმმართველობასტატიები

რა შენიშვნები წერია ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმების ანგარიშში

გასულ კვირას გამოქვეყნდა ანგარიში ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით“, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იკისრა.
,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავის ოფისის ხელმძღვანელი ნიკა შარვაშიძე ,,კახეთის ხმასთან” საუბარში აცხადებს, რომ ანგარიში, მიმიდინარ ე მოვლენების ფონზე, როდესაც საქართველომ გააკეთა ვეროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი, ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, მკვეთრადაა გაუარესებული ადამიანის უფლებების მიმართულება და პოლიტიკური პოლარიზაციის მიმართულება.
,,ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ინსტიტუტების შესუსტება და მათი მმართველ პარტიასთან შერწყმა წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას. ამ საკითხზე შიდა პოლიტიკურ წრეებშიც აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია და საზოგადოებრივი მსჯელობა, რომ ძალაუფლების კონსოლიდაცია ხდება მმართველი პარტიის გარშემო, რაც ასუსტებს ინსტიტუტებს და პრობლემებია კანონის უზენაესობის მიმართულებით. ანგარიში ფატიურად იმეორებს შიდა დისკუსს.
ხაზგასმულია ოპოზიციური ლიდერების დაკავების ფაქტები, მათზე და მედიაზე განხორციელებული ძალადობრივი ფაქტების გამოძიების და კანონის აღსრულების პრობლემები. მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა, სასამართლო რეფორმას, რომელიც სწრაფ რეჟიმში განხორციელდა და არ იქნა საერთაშორისო რეკომენდაციები გათვალისწინებული. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლო საკითხები კვლავ პრობლემად რჩება, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მიმართულებაა.”

ანგარიშში საუბარია საპროკურორო რეფორმის შეჩერება/ჩავარდნაზე. ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლებას ცალკე თავი ეძღვნება, რაც იმაზე მიუთითებს რომ ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია ევროინტეგრაციის გზაზე.
,,განსაკუთრებით ხაზგასმულია ძალადობრივი ჯგუფების მიერ მოაქალაქეების, ჟურნალისტების და ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების მიმართ განხორციელებული თავდასხმები, რომელთა დიდი ნაწილი გამოუძიებელია და იკვეთება კანონის უგულებელყოფა. ამ თავში საუბარია მედიის თავისუფლებაზე და სამოქალაქო საზოგადოების როლზეც.
იკვეთება და აშკარაა მედია გარემოს გაუარესება, ასევე მედიის პოლარიზება და პოლიტიკური მიკერძოებულობა. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, მიუხედად იმისა, რომ საქართველოში, სამეზობლოსთან შედარებით სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, მაინც რჩება პრობლემები და ვერ ახდენს სათანადო გავლენას ხელისუფლებაზე, ანგარიშვალდებულების და პოლიტიკური რეფორმების მიმართულებით”.

ამავე თავში საუბარია პოზიტიურ დინამიკაზე ქალთა და ბავშვთა უფლებებისა და შრომითი უფლებების მიმართულებით. საქართველომ ბოლო 2 წელიწადში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმები განახორციელა, ქალთა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით, ასევე ბავშვთა ახალი კოდექსი დაახლოებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და მას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია.
საუბარია ახალ, შრომის კოდექსზეც, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავის სამეზობლოში კვლავ მოწინავე პოზიციებზეა, მაინც პრობლემად რჩება.
,,ხაზგასმულია, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით თითქმის არ იდგმება ნაბიჯები და არ ხორციელდება დამატებითი რეფორმები, რაც პრობლემას წარმოადგენს, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური რეფორმები შეჩერებულია, რაც თავისთავად პრობლემას წარმოადგენს და ამ ნაწილშიც ემთხვევა შიდა პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე დისკუსს”.
საუბარია დეცენტრალიზაციის რეფორმის ჩავარდნაზეც. დეცენტრალიზაციის საკითხები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაწილია და ევროკავშირი მუდმივად ხელს უწყობს ამ მიმართულებებს. ეს არის ქვეყნის თანაბარი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულება.
,,ჩემი პირადი დაკვირვებითაც, ამ მიმართულებით სამწუხარო გაუარესება გვაქვს ბოლო წლებში. არ ხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც დეცენტრალიზაცია და მუნიციპალურ დამოუკიდებლობას ხელს შეუწყობს. პირიქით, ამ მიმართულებით გაუარესება გვაქვს და მუნიციპალიტეტები მუდმივად ცენტრზე არიან დამოკიდებულები”.
რაც შეეხება თანამშრომლობას ევროკავშირთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ასრულებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს და თანამშრომლობს ევროკავშირთან კრიმინალთან ბრძოლის საკითხებში. თუმცა, პრობლემურია DCFTA-ით გათვალისწინებული რეფორმების სიჩქარე და ამ შესაძლებლობების გამოყენება ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
აქვე საუბარია, ენერგეტიუკულ დამოუკიდებლობის საკითხზე რუსეთის მიმართ, სანქციების არ შეერთებაზე, რაც ასევე პრობლემურ საკითხათაა განხილული.
,,მიმაჩნია, რომ ამ და სხვა ანგარიშებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ დროს, როდესაც გაწევრიანების კანდიდატობაზე განაცხადი გვაქვს უკვე გაკეთებული. ყველა პრობლემური საკითხი სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული და ყველა მხარემ აქტიურად უნდა იმუშაოს. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი კითხვარის სწორად, დროულად და კომპეტენტურად შევსება, რომელშიც აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურმა სპექტრმა და არასამთავრობო სექტორმა, რომელსაც ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი. არ უნდა მოხდეს კითხვარის გასაიდუმლოება და მხოლოდ ერთი მხარის მიერ შევსება. მნიშვნელოვანი იქნება პასუხისმგებლობის გადანაწილება და მხარეების ჩართულობა, რათა ამ მიმართულებით მაინც მოხერხდეს და ეს საკითხი, სხვა საკითხების მსგავსად არ იქცეს შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების საგნად”.
ანგარიშის აღნიშნული ნაწილი 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტი ევროპარლამენტის დაკვეთით გარე შემფასებელმა, სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და ევროპის კოლეჯის მოწვეულმა პროფესორმა, ლორა დელკურმა მოამზადა.